„პარი სენ ჟერმენმა’’ სამშაბათს „ნანტთან’’ გადადებულ შეხვედრაში 1:1 ითამაშა. შედეგს დადებითი რეაქციაც მოჰყვა და უარყოფითიც. დადებით რეაქციათა შორის ყველაზე კარგი იყო ის, რომ საფრანგეთის ჩემპიონმა მიმდინარე სეზონში უკვე 30 წაუგებელი თამაში დააგროვა. ეს რიცხვი დიდი ალბათობით გაიზრდება.
კმაყოფილების კიდევ ერთი მიზეზი გახლდათ სტუმრად მიჯრით არ-წაგებული თამაშების ევროპული რეკორდის მოხსნა. ამ რეკორდს აქამდე ფაბიო კაპელოს დროინდელი „მილანი’’ ფლობდა. „როსონერიმ’’ ის 22 წლის წინ დაამყარა, ახლა კი, მას მერე რაც შინ 39-ე წაუგებელი გასვლიდან დაბრუნდა, რეკორდი პსჟ-ს ეკუთვნის.
საინტერესოა, რომ პარიზელებმა ერთი საკლუბო რეკორდიც დაამყარეს: უკვე 33 ოფიციალური შეხვედრაა, რაც „ნანტის’’ კარში გოლი გააქვთ. ეს გოლების ფოიერვერკი 2006 წელს დაიწყო. ზოგადად „იადონები’’ დედაქალაქელთა „ფავორიტ მსხვერპლთა’’ კატეგორიას განეკუთვნებიან.
უსიამოვნო რა იყო? ის, რომ ნანტში ნათამაშევმა ფრემ პარიზელები სტუმრად ზედიზედ 7 გამარჯვებაზე გააჩერა. შედეგად, რეკორდსმენად „მარსელი’’ დარჩა, რომელმაც 2008 და 2009 წლებში მიჯრით 9 გასვლა მოიგო.
ახლა, ლიგა 1-ის სეზონის დამთავრებამდე 4 ტურია დარჩენილი და პსჟ-ს კიდევ სამი რეკორდის დამყარება შეუძლია. წინ არის თამაშები „ნიცასთან’’, „სტრასბურგთან’’, „მონპელიესთან’’ და „ოსერთან’’. შესაძლო რეკორდები კი ასეთია:
ქულების რეკორდი: 18 გუნდიან ლიგაში საუკეთესო შედეგი „სენტ ეტიენს’’ ეკუთვნის (1969-1970 წლების სეზონი). მაშინ მოგება 2 ქულად ფასდებოდა. „მწვანეებმა’’ 56 ქულა დააგროვეს, რაც სამქულიანობის პირობებში 81 იქნებოდა. „პარი სენ ჟერმენს’’ უკვე 78 ქულა აქვს და სავარაუდოდ კიდევ სამსაც მოიპოვებს.
მოგებათა რეკორდი: ეს რეკორდიც „სენტ ეტიენმა’’ დაამყარა. „მწვანეებმა’’ უკვე ნახსენებ სეზონში 34 შეხვედრიდან 25 მოიგეს. პარიზელებს ჩემპიონატის დამთავრებამდე 4 ტურით ადრე 24 მოგება აქვთ.
საშუალოდ ერთ თამაშში მოპოვებულ ქულათა კოეფიციენტი: პსჟ-მ 2015-16 წლებში 38 შეხვედრაში 96 ქულა დააგროვა ანუ ერთ შეხვედრაში საშუალოდ 2.53 ქულა ჰქონდა. მიმდინარე სეზონში მას ჯერჯერობით 2.60 ქულა აქვს და თუ დარჩენილ შეხვედრაბს მოიგებს, 2.65 გაუხდება.