On Sunday, Mehdi Rahmouni was hit in the head by a projectile thrown from one of the stands at Geoffroy-Guichard during the Saint-Etienne-Lyon derby. Icon Sport/Christophe Saidiრონის დერბის შემდგომ დღეებში „სენტ ეტიენის’’ გულშემატკივრები გაორებულ გრძნობას ჰყავს მოცული. ერთი მხრივ მათ მოუგეს „ლიონს’’ (2:1), რაც სატურნირო მდგომარეობისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ისტორიული მოქიშპისთვის ნიშნის მოგების თვალსაზრისითაც ერთ რამედ ღირდა. მეორე მხრივ, „ჟოფრუა გიშარზე’’  თამაში 45 წუთით შეწყდა, რადგან ერთ-ერთმა მაყურებელმა თანამსაჯს თავში მონეტა გაარტყა.

რა ემუქრებათ „მწვანეებს’’ ამის გამო? LeParisien წერს, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაციით შესაბამისი კომისია საქმის განხილვას ოთხშაბათს შეუდგება. ასეთია სტანდარტული პროცედურა, რომელიც მონაწილე მხარეებს თავიანთი გამოძიების ჩასატარებლად დროს აძლევს. კლუბს თავისი პოზიციის გამოხატვის შესაძლებლობას დაახლოებით ერთ-ორ კვირაში მისცემენ. საფრანგეთის პროფესიული ლიგის სადისციპლინო რეგლამენტის თანახმად „სენტ ეტიენს’’ ბრალი იმაში ედება, რომ მატჩის მონაწილეთა უსაფრთხოება ვერ უზრუნველყო.

ერთ-ერთი შესაძლო სასჯელი გუნდისთვის ქულების ჩამორთმევაა. წეს-კანონში წერია, რომ თუ მატჩის მონაწილეს პიროტექნიკური საშუალება ან რაიმე ნივთი მოხვდება, გუნდს შეიძლება ქულები დააკლდეს, მაგრამ აქ ყურადღება უნდა გავამახვილოთ სიტყვაზე: „შეიძლება’’. ანუ, ქულების დაკლება ავტომატური სასჯელი არ არის. ყველა შემთხვევა ინდივიდუალურია და ის რომ ასეთივე დანაშაულისთვის ვიღაც ცხრილში დაქვეითებით დასაჯეს, არ ნიშნავს, რომ სხვასაც იგივე სასჯელი ელის.

ახლახან, „მონპელიესა’’ და „ბასტიას’’ ტრიბუნები დაუხურეს, ქულებისთვის კი ხელი არ უხლიათ, თუმცა გასულ სეზონში იმავე „მონპელიეს’’ ტრიბუნიდან მოედანზე, მეტოქის მეკარესთან შორიახლოს მაშხალის ჩამოგდებისთვის ერთი ქულა (და ერთიც პირობითად) ჩამოართვეს. იგივე ბედი ეწია „ლიონს’’ 2021 წელს, როდესაც ვიღაცამ ტრიბუნიდან დიმიტრი პაიეს ბოთლი ესროლა.

„სენტ ეტიენის’’ შემთხვევაში საყურადღებოა ის გარემოება, რომ კლუბის გულშემატკივართა ორ დაჯგუფებას Magic Fans და Green Angels შინაგან საქმეთა სამინისტრო ეჭვის თვალით უყურებს. მათ სულ ცოტა ხნის წინ აკრძალვით ემუქრებოდნენ.

რონის დერბის დროს პოლიციამ დააკავა 28 წლის კაცი. ის Magic Fans-ის ტრადიციულ ტრიბუნასთან იჯდა, მაგრამ მისი წევრი არ აღმოჩნდა. მას სამი წლით პატიმრობა და 45 000 ევროიანი ჯარიმა ემუქრება. თანამსაჯისკენ მონეტის სროლის მომენტში ის კამერებმა დააფიქსირეს. „სენტ ეტიენი’’ ამ ადამიანისთვის ფეხბურთის მატჩებზე დასწრების აკრძალვას აპირებს.