„ჟოფრუა გიშარზე’’ რონის დერბი გაიმართა. ის იმავდროულად საფრანგეთის ლიგა 1-ში ქართული დერბიც იყო: ზურიკო დავითაშვილი ჟორჟ მიქაუტაძის წინააღმდეგ. „სენტ ეტიენმა’’ „ლიონს’’ 2:1 მოუგო. ჩვენებს გოლი არ გაუტანიათ.
„ლე გონს’’ ანუ ბიჭებს, ყმაწვილებს, ლიონელებს საშინელი კვირა ჰქონდათ. ჯერ იყო და ევროპის ლიგიდან გამოვარდნენ და თან როგორ ― „ოლდ ტრაფორდზე’’ ჯერ 0:2-ს აგებდნენ, მერე 4:2 დაწინაურდნენ და ბოლოს 4:5 წააგეს. და აი, ამ შოკისმომგვრელი თამაშიდან რამდენიმე დღეში მეზობელი სენტ ეტიენის მტრად მოკიდებულ გუნდთანაც დამარცხდნენ. ასეთი გახლდათ ლიგა 1-ის 30-ე ტურის ბოლო მატჩი, რომელიც ნახევარ საათზე მეტი ხნის განმავლობაში შეწყვეტილიც კი იყო: ტრიბუნიდან თანამსაჯს თავში რაღაც გაარტყეს და მთავარმა არბიტრმა გუნდები მოედნიდან გაიყვანა.
„ლიონს’’ რომ მოეგო მეორე ადგილზე გადავიდოდა, მაგრამ ვაგლახ. ახლა „მონაკოს’’ ერთი ქულით ჩამორჩება და „ლილს’’ ერთით უსწრებს. „სენტ ეტიენი’’ კი კონკურენტ „ლე ავრს’’ დაეწია. ისინი მე-16 და მე-17 ადგილებს იყოფენ. მე-16 ადგილი ფლეი-ოფს ითამაშებს, მე-17 კი პირდაპირ გავარდება. „ანჟეს’’ და „ნანტს’’ 3 ქულით მეტი აქვს.
„სენტ ეტიენმა’’ დამსახურებულად გაიმარჯვა. მასპინძელთაგან ორივე გოლი ლუკა სტასენმა გაიტანა. სტუმართაგან ტანერ ტესმანმა გაიტანა. ფორმალურად საგოლე პასი მიქაუტაძემ მიითვალა.
შეფასებებში ძუნწმა პორტალმა maxifoot-მა დავითაშვილს 5 დაუწერა და აღნიშნა, რომ ქართველმა ბევრი იმუშავა და ორი საგოლე მომენტიც ჰქონდა, მაგრამ ორივეჯერ „ლიონის’’ მეკარემ აუღო.
Maxifoot-ის აზრით მიქაუტაძემ 4 დაიმსახურა. „ქართველი თავდამსხმელის თამაში „ოლდ ტრაფორდს’’ არ დამჩნევია და მან ვერც რონის დერბიში ითამაშა უკეთ. „სენტ ეტიენის’’ მცველების მიერ კარგად ჩაკეტილი იძულებული გახდა უკან დაეხია და სწორედ ამ უკან დაწევის წყალობით მიუგორა საგოლე პასი ტესმანს. ეს ბევრს არაფერს ნიშნავს, მაგრამ „ლიონის’’ თავდამსხლელისთვის ამ დღეს ესეც დიდი საქმე იყო’’, ― წერს პორტალი.
დავითაშვილი: flashscore – 6.9, sofascore – 6.8, whoscored – 6.5.
მიქაუტაძე: flashscore – 6.9, sofascore – 7.0, whoscored – 6.6.