დავით ნინიაშვილმა მცირე ტრავმა მოიშუშა, „ლიონის“ სასტარტო შემადგენლობაში დაბრუნდა და „მონპელიესთან“ საშინაო მატჩში თავი მშვენიერი ლელოთიც ისახელა. ამასობაში, ტოპ 14-ის რეგულარული სეზონის დასრულებამდე 5 ტური რჩება, ხოლო პრო დ2-ის მონაწილე გუნდებს 3-3 მატჩი დარჩათ სათამაშო.
ტოპ 14
ხსენებული თამაშის 35-ე წუთზე „ლიონის“ ტოტალური შეტევა მიმდინარეობდა, „მონპელიე“ თავს საკუთარი ლელოს ხაზზე იცავდა და მასპინძლებმა მეტოქის დაცვის გვარიანი ჩეჩქვის შემდეგ ბურთი მარცხენა ფრთაზე გაითამაშეს, სადაც „ნინიმ“ მოხდენილი მოძრაობით ხაზი გაარღვია, კარს უკან შეირბინა და ბურთიც დაამიწა. ეს იყო დავით ნინიაშვილის მე-4 ლელო მიმდინარე ტოპ 14-ში გამართულ მე-17 მატჩში. ცნობისთვის, ლელოთა კარიერული რაოდენობით 23 წლის უკანახაზელი დამაჯერებლად ლიდერობს ქართველ ლეგიონერთა შორის. „ნინის“ ტოპ 14-ის 58 მატჩში 21 ლელო აქვს გატანილი, რაც 7 ლელოთი მეტია, ვიდრე მეორე ადგილზე მყოფ ბექა გორგაძეს აქვს. „ლიონმა“ კი ეს მატჩი 32:23 მოიგო და 48 ქულით სანუკვარ მე-6 ადგილზე დამკვიდრდა.
ლიდერად კი კვლავაც „ტულუზი“ რჩება, რომელმაც დედაქალაქში მძიმე რკენაში „სტად ფრანსეს“ 27:21 მოუგო. პარიზელთა სასტარტოში სერგო აბრამიშვილი იყო, მარქაფაში – გიორგი მელიქიძე.
„ტულუზმ“ და მისმა მდევარმა „ბორდომ“ პლეი-ოფში თამაშის უფლება ნაადრევად დაიბევეს. ამ უკანასკნელმა ასევე ურთულეს გასვლით მატჩში დიდი გაჭირვებით სძლია ბექა გორგაძის „პოს“ – 26:22
მესამე ადგილზე ბექა გიგაშვილის „ტულონია“, რომელმაც საკუთარ მოედანზე გიორგი ახალაძის „კლერმონი“ დაამარცხა – 31:24.
ტოპ-ექვსეულის მე-5 საფეხურზე კი „კასტრია“, რომელმაც აუტსაიდერ „ვანს“ ბონუსით მოუგო – 32:13. ლევან ჩილაჩავამ 195-ე მატჩი ჩაატარა და მეთოდურად უახლოვდება ფანტასტიკურ 200-მატჩიან ნიშნულს.
„ვანის“ წინ, მე-13 საფეხურზე „პერპინიანია“, რომელიც „სტად ფრანსეს“ მხოლოდ დამატებითი მაჩვენებლებით ჩამორჩება. კატალონიელებმა გასულ ტურში მეორე პარიზულ გუნდს, „რასინგ-92“-ს 28:24 მოუგო. პერპინიანელთა შორის თამაშის ბოლო 5 წუთი ითამაშა, ხოლო დედაქალაქელთა სასტარტოში 50-ე წუთამდე გურამ გოგიჩაშვილი იყო.
პრო დ2
რანგით მეორე ფრანგულ სარაგბო ლიგაში ლიდერმა „გრენობლმა“ მორიგი მატჩი მოიგო და არათუ პლეი-ოფში“ თამაში, არამედ ფაქტობრივად მის მეორე წრეში ადგილისც კი დაიბევა.
გასულ ტურში ალპელებმა ლიგიდან უკვე ოფიციალურად დაქვეითებული „ნიცა“ ბონუსით, 47:17 დაამარცხეს და ამ გამარჯვებაში მონაწილეობა გიორგი ჯავახიამ, გიორგი კვესელაძემ და გიორგი პერტაიამ მიიღეს.