გიორგი ქოჩორაშვილის „ლევანტემ’’  „სარაგოსას’’ 5:2 მოუგო და „ელჩესთან’’ ერთად ლა ლიგა 1-ში პირდაპირ, ფლეი-ოფის გარეშე აღზევების კანდიდატია. სეზონის დამთავრებამდე დარჩენილია 4 ტური.

ქართველმა ნახევარმცველმა „სარაგოსასთან’’ შეხვედრის წინ კლუბის მედიასთან ილაპარაკა. მან თქვა, რომ „ლევანტეს’’ გასახდელში ჩინებული ატმოსფეროა, რადგან ― „ჩვენ მეგობრები ვართ როგორც მოედანზე ასევე მოედანს მიღმა’’. მან ხაზი გაუსვა, რომ ფეხბურთელები საერთო მიზნით არიან შეპყრობილნი და მათი ყოველდღიური შრომა სწორედ ამ მიზანს ემსახურება.

„ვარჯიშებზე ახალგაზრდა და ვეტერანი არ არსებობს. ყველანი საქმეში ვართ ჩართულები. არ აქვს მნიშვნელობა ვინ მეტს თამაშობს და ვინ ნაკლებს. მთავარი ერთსულოვნებაა. ეს განწყობა მწვრთნელისგანაც გვედება და თანაგუნდელები ამას ვხედავთ. ჩვენ ყველა ვარჯიშზე სიამოვნების მისაღებად გამოვდივართ, ბოლომდე ვიხარჯებით. თამაშებში კი სხვა გზა არ არსებობს, გამარჯვებისთვის ვიბრძვით, ― თქვა მან და კმაყოფილებით დასძინა, რომ სეზონის მიწურულს გუნდი საკუთარ თავში დარწმუნებულია, ― შედეგი მარტო ის კი არ არის, რასაც თამაშის ბოლოს ვხედავთ, არამედ ის, თუ რას ვაკეთებთ ყოველდღიურად, როგორ ვიხარჯებით, როგორ ვიქცევით გასახდელში თუ მის მიღმა. ეს გვეხმარება ეფექტურად გამოვიყენოთ ყველაფერი, რაც ჩვენზეა დამოკიდებული’’.

გულშემატკივრის შესახებ: „როდესაც დარბიხარ და უკვე სუნთქვა გერევა გესმის როგორ გამხნევებს გულშემატკივარი და მეორე სუნთქვა გეხსნება, საოცარი ძალა გეძლევა. ჩვენს თამაშებზე ბევრი ხალხი დადის, როგორც ეს ამასწინათ „რასინგთან’’ შეხვედრის დროს იყო, და მინდა ამ ხალხმა იცოდეს, რომ ისინი დამატებითი ფეხბურთელის როლს ასრულებენ და წარმატებაში თავისი წვლილი შეაქვთ’’.

ბოლოს ქოჩორაშვილი ლისაბონის „სპორტინგში’’ გადასვლას შეეხო. მან ხომ ორიოდ კვირის წინ პორტუგალიურ კლუბთან მოაწერა კონტრაქტს ხელი.

„ბავშვობიდან ჩემი ოცნება დიდი მიზნებისთვის ბრძოლა იყო, მაგრამ დღეს ჩემთვის ყველაფერზე მნიშვნელოვანი არის ის, რასაც ახლა ვაკეთებ. მომავალს დღევანდელი დღე ქმნის. მე „ლევანტეში’’ 2019 წლიდან ვარ და არა მარტო გერბის სიყვარულის გამო არამედ იმ ხალხის გამო, რომელიც აქ შემხვდა. ამ კლუბს დიდი ფასეულობები აქვს. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ თუ „ლევანტეს’’ დავტოვებდი, ეს საპარადო შესასვლელიდან უნდა გამეკეთებინა. ყველა კლუბში, სადაც ვთამაშობდი, მაგალითად „კასტელონში’’, ვცდილობდი სახელი დამეტოვებინა. იმავეს გაკეთება მინდა „ლევანტეშიც’’. იმედი მაქვს, რომ ეს მიზნის მიღწევაში დაგვეხმარება. ეს ის მიზანია, რომელსაც აქაური ხალხი იმსახურებს. როდესაც გიჭირს, მაგრამ მაინც წინ მიიწევ, ბოლოს სახეზე ღიმილი გეფინება. ვფიქრობ, ეს ღიმილი ჩვენს სახეზე მოეფინება’’.

„სარაგოსასთან’’ შეხვედრაში ვალენსიურმა პორტალმა plazadeportiva-მ გიორგის 7 ქულა დაუწერა და მისი თამაში ასე დაახასიათა: „ქართველმა ნახევარდაცვაში რაციონალურად ითამაშა. გადამწყვეტი ეპიზოდებში თავის უპირატესობას გონივრულად იყენებდა’’.

flashscore-მა ქოჩორაშვილს 6.8 ქულა დაუწერა,ხოლო  sofascore-მა 6.4.