მადრიდის „რეალის’’, „სარაგოსას’’, „ვალენსიას’’, „მონაკოს’’, „ლივერპულის’’, „მარსელის’’ და ესპანეთის ნაკრების ყოფილი ვარსკვლავი, 49 წლის ფერნანდო მორიენტესი ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიის დიაგნოზით ხუთი დღით საავადმყოფოში წოლილა. მან ამის შესახებ რადიო Cope-ს პროგრამა „თამაშის დროში’’ თქვა. ჩემპიონთა ლიგის სამგზის გამარჯვებულს პრობლემა მუხლში თრომბით დაწყებია, რომელიც თვითმფრინავით გაუთავებელი ფრენისგან განუვითარდა.
მორიენტესი ლა ლიგის ელჩია. ამ ფუნქციას ის თავის მთევერ საქმიანობას, ტელეკომპანია Movistar+ -ის კომენტატორობას უთანხმებს. გარდა ამისა, ლეგენდარული ფორვარდი რადიოშიც მუშაობს, სადაც კოლეგას პაკო გონსალესს უამბო თავისი ავადმყოფობის შესახებ.
„ბევრი მოგზაურობის შემდეგ თავს ცუდად ვგრძნობდი. უელვადავ მადრიდისკენ გზაზე მკერდში ძლიერი ტკივილი ვიგრძენი. არ მინდოდა საავადმყოფოში წასვლა, მაგრამ ცოლმა მაიძულა. მეგონა კუჭის პრობლემის გამო მტკიოდა. იმ ღამეს, გამთენიისას, 5 საათზე საავადმყოფოს მივაკითხე, სადაც ექიმებმა გამომიკვლიეს და შეშფოთდნენ. ფილტვი ყოფილა ჩათრეული. არადა, ყველაფერი დაიწყო თრომბიდან, რომელიც თვითმფრინავსა და მანქანაში დიდხანს გაუნძრეველი ჯდომისგან ჩნდება. სისხლი შემიდედდა, წარმოიქმნა კოლტი და მან ფილტვის არტერიის პრობლემა გამოიწვია. რაც მჭირდა სიცოცხლისთვის სახიფათო გამოდგა. მე და ჩემი ოჯახი გვარიანად შევშინდით. ახლა დასვენება და სიმშვიდე დამჭირდება. ცხოვრების წესი და მოგზაურობა უკვე საფუძვლიანად უნდა დავგეგმო’’, ― აღიარა მორიენტესმა.
მორიენტესს ჯერ კიდევ აქვს თრომბი, მაგრამ მედიკამენტური მკურნალობით ის გაიწოვება.