30-ე ტურის წინ ლიგა 1-ის მეორე და მეექვსეადგილოსანი გუნდების „მონაკოსა’’ და „სტრასბურგის’’ შეხვედრა ლუი II-ზე 0:0 დასრულდა (VAR-მა ორივე გუნდს თითო გოლი გაუუქმა), რაც იმას ნიშნავს, რომ გაიმარჯვა… „მარსელმა’’. შაბათის გვიან შეხვედრაში მან „მონპელიეს’’ 5:1 მოუგო და ახლა მონაკოელებს ერთი ქულით უსწრებს ანუ თავად არის მეორე პოზიციაზე. მოგეხსენებათ, საფრანგეთში ბრძოლა „პარი სენ ჟერმენის’’ შემდეგ მეორე ადგილისთვის და ჩემპიონთა ლიგაში გამსვლელ ოთხეულში მოსახვედრად მიმდინარეობს.
მატჩი მატჩად და შეხვედრის მიწურულს მწვრთნელებმა ადი ჰიუტერმა და ლაიამ როსინიორმა წაიჩხუბეს. როგორც ფრანგულ მედიაში წერენ მიზეზი საკმაოდ სიურეალისტური იყო ― მონაკოს თავკაცმა კარგად ვერც კი გაიგო რაში სდებდა ბრალს სტრასბურგელი კოლეგა. ამოცანის ამოხსნა ჟურნალისტებმა სცადეს და დაადგინეს, რომ სავარაუდოდ, საფინალო სასტვენის შემდეგ ავსტრიელმა ხელის ჩამოსართმევად მისული ინგლისელი ალოდინა.
„თექვსმეტი წელიწადია მწვრთნელი ვარ და ასეთი რაღაც პირველად ვნახე. ბევრ ქვეყანაში მიმუშავია, 650 შეხვედრაში მიმიღია მონაწილეობა, ლიგა 1-ში აგერ უკვე მეორე სეზონია ვსაქმიანობ და რომელიმე კოლეგას ჩემთვის ერთხელაც არ უთქვამს, რომ მე მას იმედი გავუცრუე’’, ― თქვა პრეს-კონფერენციაზე ჰიუტერმა.