კარგა ხანი გავიდა მას მერე, რაც ლუჩანო სპალეტიმ „ნაპოლის’’ სკუდეტო მოაგებინა და კლუბიდან წავიდა, მაგრამ მისი და „აძურის’’ მეპატრონის, პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისის ურთიერთობა სამუდამო თემად დარჩება იტალიური ფეხბურთის ისტორიაში. „სკუადრა აძურას’’ თავკაცმა რიმინიში გამართულ კონფერენციაზე თავად ილაპარაკა ამ საკითხის შესახებ. პრეზიდენტთან რთულ ურთიერთობებს სპალეტიმ თავის ახალ წიგნში Il paradiso esiste… Ma quanta sforza მთელი თავი მიუძღვნა. წიგნი მაისიდან გაიყიდება.
„ილ მატინოს’’ ჟურნალისტმა ფრანჩესკო დე ლუკამ რიმინის კონფერენციის შესახებ გამოქვეყნებულ წერილში მწვრთნელის ციტატა მოიყვანა: „ჩვენ ორი სხვადასხვა ადამიანი ვართ და მუდამ განსხვავებულები ვიქნებით. შემიძლია ეს უფრო დეტალურადაც ავხსნა’’, ― თქვა სპალეტიმ, რომელმაც დე ლაურენტისისადმი მიძღვნილ თავს „სულთანი და ფერმერი’’ დაარქვა. ცხადია, სულთანი დე ლაურენტისია, ხოლო ფერმერი თავად არის. მოგეხსენებათ, ფლორენციასთან, მონტაიონეში სპალეტი მამულს ფლობს.
„ჩვენ ერთად დაუვიწყარი მომენტები მომენტები გვქონდა. ეს მომენტები სამუდამოდ დარჩება ისტორიაში’’, ― დასძინა სპალეტიმ, რომელიც აცხადებს, რომ ნეაპოლთან დღესაც დიდი სიყვარული აკავშირებს.