
„ლიონის’’ საქმე რთულად არის, რაც ქართველ გულშემატკივარს არ სიამოვნებს, რადგან ამ გუნდში საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ჟორჟ მიქაუტაძე თამაშობს. პაულუ ფონსეკას ფეხბურთელებმა აუცილებლად უნდა გაიკვალონ გზა ჩემპიონთა ლიგისკენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კლუბს ზაფხულში წამყვანი ფეხბურთელების გაყიდვა მოუწევს; თუ ფულს ვერ იშოვის ეგრეთწოდებული მაკონტროლებელი ორგანოებისგან ძლიერ დაისჯება.
სწორედ ამის შესახებ სთხოვეს კომენტარი ლიონელთა საქმეებში ჩახედულ ჟურნალისტ დანიელ რიოლოს, რომელმაც გულშემატკივართა ყურის საამებელი ვერაფერი თქვა. მისი აზრით რონისპირა კლუბის ფინანსური მდგომარეობა „შემაშფოთებელზე უარესია’’.
„ლიონის’’ ასეთ დღეში ჩავარდნას ჩვეულებრივ მის დღევანდელ მეპატრონეს ჯონ ტექსტორს აბრალებენ და ეს დიდწილად სიმართლეა, მაგრამ რადიოწამყვანი ყველას გასაკვირად კლუბის ლეგენდარულ პრეზიდენტ ჟან-მიშელ ოლასს გადაწვდა. დანიელ რიოლო ამბობს, რომ დღევანდელი მდგომარეობა დიდწილად სწორედ ოლასის დროინდელმა მმართველობამ განაპირობა — „ლიონში’’ ხელფასები და კლუბის თანამშრომელთა რაოდენობა იყო ძალიან დიდი. დაბრუნებულ ლიონელებს ტოლისოსა და ლაკაზეტს ზღვარგადასული ჯამაგირი დაუბრინეს.
„არ არის მართალი თითქოს „ლიონში’’ აქამდე (ოლასი „ლიონის” მეპატრონე იყო 1987-2022 წლებში) ყველაფერი კარგად იმართებოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ტექსტორს ასეთი მდგომარეობა არ დახვდებოდა. თუმცა ისიც მართალია, რომ არც ამერიკელს აღმოაჩნდა ვითარების გამოსწორების უნარი, შესაძლოა მეტისმეტად დიდი მიზნები დასახა ან სულაც ცუდად გაუძღვა საქმეს. ასეა თუ ისე, დღეს გვიწევს იმის აღიარება, რომ კლუბი კატასტორფის ზღვარზეა’’, ― თქვა რიოლომ.
ჟურნალისტის თქმით კლუბის გადასარჩენად საჭიროა 100 ან 150 მილიონი ევრო, ზუსტი რიცხვის დასახელებაც კი ძნელია. ლიონში თავს იმით ინუგენეშებენ, რომ კლუბი ფლობს აქტივებს, აქვს სტადიონი და ამიტომ გაკოტრება არ ემუქრება.
„არც კი ვიცი რა შეიძლება მოუხერხო სტადიონს. იმ სტადიონის ფლობა, რომელზეც თამაშობ ძალიან კარგია, მაგრამ თუ გუნდი ჩემპიონთა ლიგაში ვერ მოხვდება, დღევანდელი ფეხბურთელების უმეტესობა „ლიონიდან’’ უბრალოდ წავა. ამიტომ, აუცილებლად უნდა მოვხვდეთ ევროთასზე, თორემ საქმე ცუდად იქნება’’, ― განმარტავს რიოლო, რომელიც ამბობს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ევროლიგაში გამარჯვება, რადგან ეს ჩემპიონთა ლიგის საგზურს იძლევა. რასაკვირველია ყველა პრობლემას ვერ გადაწყვეტს, მაგრამ სალაროში იმდენი ფული შევა, რომ მდგომარეობა მნიშვნელოვნად შემსუბუდება.
შეგახსენებთ, რომ ევროპის ლიგის მეოთხედფინალში „ლიონი’’ „მანჩესტერ იუნაიტედს’’ ხვდება და გამარჯვების შემთხვევაში „ბილბაოსა’’ და „რეინჯერსს’’ შორის გამარჯვებულთან გადაიკვეთება.