ლიგა 1-ის ცხრილის ფსკერზე მყოფ „მონპელიეს’’ იმედი ჰქონდა, რომ „სენტ ეტიენთან’’ შეწყვეტილი შეხვედრის ბოლო 30 წუთს ითამაშებდა და სამს თუ არა, ერთ ქულას მაინც მოიპოვებდა, მაგრამ საფრანგეთის პროფესიული ფეხბურთის ლიგის სადისციპლინო კომიტეტმა წაგება ჩაუთვალა. მონპელიეში მატჩი 63-ე წუთზე შეწყდა, როდესაც ანგარიში იყო 2:0 ზურიკო დავითაშვილის გუნდის სასარგებლოდ.
მსაჯმა ფრანსუა ლეტექსიემ შეხვედრა ტრიბუნებზე მომხდარი რამდენიმე ინციდენტის გამო შეწყვიტა. გულშემატკივრებმა ისროლეს სასოფლო-სამეურნეო ყუმბარა (სავარგულებიდან და აეროპორტებიდან ჩიტების გასაფანტად გამოიყენება), რითაც ერთი ადამიანი ფეხში დაიჭრა. მოედანზე გადმოყარეს კვამლის გამშვები ყუმბარები, მაშხალები და ასე შემდეგ.
სადისციპლინო კომიტეტმა „მონპელიეს’’ დამატებითი ქულები არ ჩამოართვა, მაგრამ კონკრეტულ შეხვედრაში წაგება ჩაუთვალა. ოფიციალურ განცხადებაში წერია: „კომისიას მიაჩნია, რომ მართალია ტრიბუნებზე სერიოზული ინციდენტები მოხდა და სტიუარდიც კი დაშავდა, მაგრამ უშუალოდ შეხვედრის მონაწილეებს ეს ინციდენტები შეჰხებია’’.
სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილება „მონპელიესთვის’’ დანის ჩაცემას ჰგავდა, „სენტ ეტიენისთვის’’ კი კარგი ამბავია. სამი ქულის წყალობით „მწვანეები’’ ლიგა 1-ის ცხრილში მე-17 ადგილზე რჩებიან, მაგრამ გასავარდნთა ზონისგან თავის დაღწევის შესაძლებლობას ინარჩუნებენ. ზურიკო დავითაშვილსა და მის თანაგუნდელებს ახლა სამქულიანი ჩამორჩენის გამოსწორება სჭირდებათ.