„პარიზიენი’’ წერს, რომ საფრანგეთის თასის ნახევარფინალში „დუნკრეკთან’’ სტუმრად 4:2 გამარჯვების შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ ჟერმენი’’ ისტორიაში ახალი ფურცლის ჩასაწერად ემზადება: ფინალში 24 მაისს „სტად დე ფრანსზე’’ „კანსა’’ და „რენს’’ შორის გამარჯვებულს შეხვდება, თუმცა სტატისტიკოსები უკვე მიღწეულ შედეგებსაც დიდი ენთუზიაზმით გვახსენებენ.
…„დუნკერკთან’’ გამარჯვების შედეგად „პარი სენ ჟერმენი’’ ოცდამეერთედ გავიდა საფრანგეთის თასის ფინალში. ფინალების რაოდენობით მეორე ადგილზეა „მარსელი’’ – 19, თუმცა მარსელელები თასის გადამწყვეტ შეხვედრაში ბოლოს კარგა ხნის წინ, 2016 წელს მონაწილეობდნენ და სწორედ პსჟ-თან წააგეს: 2:4. მაშინ პარიზელთა 4 გოლიდან ორი ზლატან იბრაჰიმოვიჩმა გაიტანა…
…პარიზელებმა საფრანგეთის თასი 15-ჯერ მოიგეს. მეორეზე ამ მაჩვენებლითაც „მარსელია’’ – 10. 2022 და 2023 წლებში პსჟ მერვედფინალში გავარდა, 2024 წელს კი ფინალში „ლიონს’’ სძლია და ტიტული მოიპოვა…
…პსჟ ერთადერთი ფრანგული კლუბია, რომელმაც ზედიზედ ოთხჯერ აღმართა ქვეყნის თასი. ეს 2015-18 წლებში მოხდა. 2019 წელს პარიზელების სვლა „რენმა’’ პენალტების სერიით შეწყვიტა…
…პსჟ ერთადერთი ფრანგული გუნდია, რომელმაც 2015-21 წლებში ზედიზედ ცხრაჯერ ითამაშა ფინალში…
…მარკინიოსს საფრანგეთის თასი შვიდჯერ აქვს მოგებული: 2015, 2016, 2017, 2018, 2020, 2021, 2024. ამ შეჯიბრების ისტორიაში ის ყველაზე ტიტულოვანი მოთამაშეა. 24 მაისს პარიზელთა ბრაზილიელ კაპიტანს პირადი კოლექციისთვის მერვე ტროფის დამატება შეუძლია. მის მერე მოდის პსჟ-ს კიდევ ერთი ყოფილი მოთამაშე მარკო ვერატი, რომელიც ახლა ყატარში თამაშობს…
რაც შეეხება „დუნკერკთან’’ თამაშს, ის მოულოდნელად წარიმართა — მეორელიგელმა მასპინძლებმა 27 წუთში ორი გოლი გაიტანეს, თუმცა 45-ე წუთიდან პარიზელებმა როგორც იტყვიან სადავეები ხელთ იგდეს და პირველ ტაიმში სხვაობა შეამცირეს, მეორეში კი 4 გოლი დაამატეს. თავი გამოიჩინა ოსმან დემბელემ, რომელმაც ორი გოლი თავად გაიტანა, მარკინიოსს კი საგოლე პასი მიაწოდა. კიდევ ერთი გოლი ბრედლი ბარკოლას პასით დეზირე დუემ შეაგდო.
ხვიჩა კვარაცხელიას ამ შეხვედრაში უნდა ეთამაშა, მაგრამ მატჩის დღეს ავად გახდა.





