ზურიკო დავითაშვილის გუნდის „სენტ ეტიენის’’ გულშემატკივართა ორ დაჯგუფებას „ჯადოსნურ ფანებსა’’ და „მწვანე ანგელოზებს’’ გადარჩენის შანსი აქვს. სამშაბათს საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში გაიმართა შეხვედრა, რომელსაც ქომაგების წარმომადგენლებიც დაესწრნენ. დაინიშნა კიდევ ერთი შეხვედრა, სადაც უსაფრთხოების პრობლემაზე სალაპარაკოდ „სენტ ეტიენის’’ ხელმძღვანელებს მოიწვევენ. საქმეს უძღვება სპორტულ ღონისძიებებზე ძალადობის პრევენციის ეროვნული საკონსულტაციო კომისია.

კლუბის ხელმძღვანელობა თავის ულტასებს მხარს უჭერს. მთავრობაში იმედოვნებენ, რომ ისინი გამოძებნიან გზებს, რათა ორივე დაჯგუფებამ ძალადობაზე უარი თქვას. მედიაში იწერება, რომ დროთა განმავლობაში როგორც „ჯადოსნურ ფანებს’’ ასევე „მწვანე ანგელოზებს’’ ბევრი კანონდარღვევა დაუგროვდათ.

სენტ ეტიენელებთან შედარებით ცუდ დღეშია კლუბ „პარიზის’’ გულშემატკივართა ჯგუფი ლეგიონ X. მას აკრძალავენ. ეს გასაკვირი არც არის, რადგან მისმა წევრებმა ბოლო წლებში ბევრი სერიოზული დანაშაული ჩაიდინეს. ნოემბერში ლეგიონ X-მა მონაწილეობა მიიღო ლიგა 2-ის მოწინააღმდეგე „როდესის’’ გულშემატკივრებთან ჩხუბში, რომლის დროსაც ოთხი ადამიანი დაჭრეს.

გასულ უქმეებზე სხვადასხვა კლუბის გულშემატკივრებმა გამართეს საპროტესტო აქციები, სადაც გააპროტესტეს შსს-ს განზრახვა მათ აკრძალვასთან დაკავშირებით.