„პარი სენ ჟერმენს’’ რომ საფრანგეთის ჩემპიონობამდე აღარაფერი უკლია, ყველამ იცის. 2025 წელს ეროვნულ ასპარეზზე ლუის ენრიკეს გუნდმა 15 შეხვედრიდან 14 მოიგო (მხოლოდ „რეიმსთან’’ ითამაშა 1:1) და როგორც ჩანს ამ რიხიან სვლას დღეს საფრანგეთის თასზე ლილში „დუნკერკთან’’ შეხვედრაშიც გააგრძელებს.
„დუნკერკი’’ ლიგა 2-ში მე-5 ადგილზეა. გამარჯვებული ანუ „პარი სენ ჟერმენი’’ ფინალში გავა, სადაც 24 მაისს „კანსა’’ და „რეიმსს’’ შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.
„გვინდა ფრანგული ფეხბურთის ისტორიაში შევიდეთ და ამისათვის ყველა თამაშს სერიოზულად ვუდგებით. „დუნკერკთან’’ ჩვენი გეგმაც შესაბამისია. თვითდამშვიდებისთვის დრო არ გვაქვს ამიტომ, არც ფსიქოლოგიურად მოვდუნდებით და არც შემადგენლობას დავასვენებთ’’, ― თქვა მატჩისწინა პრეს-კონფერენციაზე ლუის ენრიკემ.
„პარი სენ ჟერმენს’’ ერთ კვირაში ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური შეხვედრა აქვს „ასტონ ვილასთან’’. ამის მიუხედავად დღეს ესპანელი მწვრთნელი წამყვან ფეხბურთელებს ათამაშებს.
კარში დიდი ალბათობით ჯანლუიჯი დონარუმა იდგება, დაცვაში აშრაფ ჰაკიმს, მარკინიოსს და ნუნუ მენდეშს ვიხილავთ, ნახევარდაცვაში დაბრუნდებიან ჟოაო ნევეში და ვიტინია, თავდასხმაში კი იქნებიან გონსალო რამოსი, ხვიჩა კვარაცხელია და ოსმან დემბელე.