გასულ უქმეებზე საფრანგეთის ტოპ 14-სა და პრო დ2-ში შესაბამისად მე-20 და 24-ე ტურები გაიმართა, რომლებშიც ჯამურად 32-მა ქართველმა მორაგბემ მიიღო მონაწილეობა. სასიამოვნოა, რომ სამმა მათგანმა თავი ლელოს გატანით ისახელა.

ტოპ 14

პარიზის „სტად ფრანსე“ სუსტ სეზონს ატარებს. გასულ ტურში საფრანგეთის ყველაზე ტიტულოვანმა კლუბმა „მონპელიესთან“ სტუმრად 32:38 წააგო და სანუგეშო ბონუსიც ვერ მიიღო, არადა 48-ე წუთამდე 29:8 იგებდა. 35-ე წუთზე, პარიზელთა მრავალფაზიანი შეტევა ლელოს ხაზზე ზედახორაში გადაიზარდა, სადაც სერგო აბრამიშვილმა იყოჩაღა და ბურთის დამიწება მოახერხა. ეს იყო ახალგაზრდა ბურჯის მე-4 ლელო ტოპ 14-ში ჩატარებულ 28-ე მატჩში.

ტურის დასკვნით მატჩში კი თავისი ლელო მეორე პარიზული კლუბის მარცხენა ბურჯმაც მიითვალა. „რასინგ-92“-მა მრისხანე „ბორდოს“ უმასპინძლა და 36:31 დაამარცხა. დედაქალაქელებმა თამაში ძალზე აგრესიულად დაიწყეს, მალევე მეტოქეს მისივე ლელოსთან დერეფანში შეცდომა დააშვებინეს, ბორდოელთა ჩეჩქვა კი გურამ გოგიჩაშვილმა დაასრულა, რომელმაც რაქიდან ბურთი აიღო და მძლავრი მოძრაობით ლელოში დადო. ეს იყო გურამის მხოლოდ მეორე ლელო ტოპ 14-ში ჩატარებულ უამრავ, კერძოდ 103 მატჩში.

ლიდერი კი კვლავაც „ტულუზია“, რომელმაც ბექა გორგაძის „პოს“ ბონუსით – 55:10 მოუგო.

მესამეადგილოსანი „ტულონი“ კასტრში ბონუსს გამორჩა, როცა ლევან ჩილაჩავას გუნდთან 26:28 წააგო. ჩილაჩავამ პირველი ტაიმი სრულად ჩაატარა, ხოლო ტულონელმა ბექა გიგაშვილმა 50-ე წუთამდე ითამაშა. „კასტრი“ კი, ამ გამარჯვების წყალობით, მეხუთე, საპლეიოფო ადგილზე ავიდა.

საუკეთესოთა ექვსეულს გიორგი ახალაძის „კლერმონი“ ასრულებს, რომელმაც ნიკა სუთიძისა და სანდრო ქუნთელიას „ლა როშელს“ 33:19 მოუგო.

ცხრილის ფსკერზე კვლავაც „ვანია“, რომელიც საკუთარ მოედანზე ბოლოსწინა ადგილზე მყოფ „პერპინიანს“ დაუზავდა.

პრო დ2

საქართველოს ნაკრებისა და „ვალანს რომანის“ მესამეხაზელმა ილია სპანდერაშვილმა თავის ფრანგულ კარიერაში პირველი ლელო გაიტანა. გასაკვირია, მაგრამ ფაქტია, რომ გამოცდილ და საკმაოდ შედეგიან მორაგბეს გასულ ტურამდე საფრანგეთში ლელო არ ჰქონდა გატანილი. ჰოდა, ეს ნავსიც გატყდა – თორნიკე ჯალაღონიას „პროვანსთან“ საშინაო მატჩის მიწურულს მასპინძელთა გარემარბის სწრაფ გარღვევას სპანდერაშვილი აჰყვა და ბურთიც ჩათვლის მოედანზე დაამიწა, „ვალანს რომანმა“ კი ლიგის ერთ-ერთ ლიდერს 63:7 მოუგო.

ლიდერი  კვლავაც „გრენობლია“, რომელმაც აჟენში 23:29 კი წააგო, მაგრამ უახლოეს მდევარ „ბრივს“ 8 ქულით  უსწრებს.