ნაკრებიდან საფრანგეთში დაბრუნებულ ბორჯღალოსანთა გარკვეულმა ნაწილმა ტოპ 14-ის მორიგ ტურში მიიღო მონაწილეობა.
რეგულარული ჩემპიონატის მე-19 ტურის მატჩებში 12-მა ქართველმა მორაგბემ ითამაშა. ლიდერი კი უცვლელია: მართალია, „ტულუზმა“ უახლოეს მდევარ „ბორდოსთან“ სტუმრად 24:32 წააგო, მაგრამ 65 ქულით ცხრილის უმაღლესი საფეხური კი შეინარჩუნა. ბორდოელები ქულიანი ჩამორჩენით მეორეზე არიან, ხოლო მესამეზე კვლავაც „ტულონია“, რომელმაც შინ „პერპინიანს“ ბონუსით – 40: 19 მოუგო და 62 ქულას მოუყარა თავი. ამ ეტაპზე სწორედ აღნიშნული სამეული იბრძვის პირველ-მეორე ადგილებისთვის, რაც პლეი-ოფში სოლიდურ უპირატესობას იძლევა.
ტულონელთა სასტარტო შემადგენლობაში ბექა გიგაშვილი იყო, რომელმაც 64-ე წუთამდე ითამაშა, ხოლო მთელი პირველი ტაიმი მის წინააღმდეგ შერკინებაში გიორგი თეთრაშვილი იდგა, რომელმაც ბოლო წამებზე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედანზე აღარც დაბრუნებულა. თეთრაშვილის კატალონიურ გუნდს რთული დრო უდგას – „პერპინიანი“ 30 ქულით ბოლოსწინა ადგილზეა, რომელიც პრო დ2-ის ფინალისტთან პლეი-ოფს უქადის. რაც შეეხება ბექას, მან შესანიშნავად ითამაშა და ტოპ 14-ის ტურის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა.
„ლიონმა“ წარმატებული სვლა განაგრძო და აუტსაიდერთა ჯგუფიდან მე-5 საფეხურზე ასვლა მოახერხა. ამ ჯერზე ლიონელებმა შინ ერთპიროვნული აუტსაიდერი „ვანი“ 36:21 დაამარცხეს, რაშიც თავის კლუბს დავით ნინიაშვილი და ირაკლი აფციაური დაეხმარნენ, რომლებიც შესაბამისად 52-ე და მე-60 წუთებზე ჩაერთნენ მატჩში.
სანდრო ქუნთელიას „ლა როშელი“ შინ „კასტრს“ დაუზავდა – 12:12. ბორჯღალოსანი ბურჯი პირველიდან 49-ე წუთამდე ითამაშა.
გიორგი ახალაძის „კლერმონი“ საკუთარ მოედანზე „რასინგ-92“-თან 21:23 დამარცხდა და სანუგეშო ბონუსსღა დასჯერდა. ახალაძემ ბოლო 17 წუთი ითამაშა, ხოლო პარიზელთა შორის 48-ეზე გურამ გოგიჩაშვილი გამოჩნდა.
„პომ“ თავისი სამივე ქართველის დახმარებით“ შინ მოუგო „მონპელიეს“, რომელმაც თავისი ქართული პირველი ხაზი სანაკრებო დატვირთვების შემდეგ დაასვენა. ბასკებმა მძიმე მატჩი 40:38 მოიგეს და სტუმრებს სანუგეშო ბონუსი გაატანეს. ბექა გორგაძემ მატჩი სრულად ჩაატარა, ლექსო ყაულაშვილმა მინდორზე ბოლო 20 წუთი დაჰყო, ხოლო გურამ პაპიძემ ამ ბოლო 20 წუთის გარდა კიდევ პირველი ტაიმის 12-წუთიანი ინტერვალი გაატარა მინდორზე – ვიდრე მისი სასტარტო თანაამპლუელი ტვინის შერყევაზე ტესტს გადიოდა.
დაბოლოს, „სტად ფრანსემ“, როგორც იქნა, მოიგო – შინ 31:27 დაამარცხა „ბაიონი“ და ლიდერთა ჯგუფში მყოფ ბასკებს სანუგეშო ბონუსი ააღებინა. პარიზელთა სასტარტო შემადგენლობაში ერთბაშად ორი ქართველი იყო, რაც ამ სეზონში ალბათ პირველად მოხდა. სერგო აბრამიშვილმა მთელი 68 წუთი ითამაშა, რაც ბურჯისთვის ძალიან ბევრია, გიორგი მელიქიძემ კი მოედანი შესვენებამდე – 38-ეზე დატოვა.