მთავარი - ეროვნული ნაკრები… ხომ გახსოვთ: შარშან, საქართველომ ერთა ლიგის ფლეი ოფში ლუქსემბურგს რომ მოუგო, მარტის თვე იდგა; რამდენიმე დღეში საბერძნეთი რომ მიაყოლა და ისტორიაში პირველად ევრო 2024-ის ფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა, ამასაც რა დაგავიწყებთ; აგერ, ახლაა და ჩვენებმა სომხებს გადაუარეს, ორი მატჩის ჯამში 9:1 დაამარცხეს და ერთა ლიგის B ლიგაში ადგილი შეინარჩუნეს… ისე გამოვიდა, რომ საქართველოს ეროვნულ გუნდს რაც კი მნიშვნელოვანი მატჩი აქვს მოგებული, ყველა მარტის თვეში ყოფილა.

ჰოდა, ამ გახსენებაზე, ეს მარტი ჩვენებისთვის რა იღბლიანი თვე ყოფილაო, ვიფიქრეთ და ემანდ, რაიმე მნიშვნელოვანი ვნახოთო, 1990 წლიდან მოყოლებული, მარტში, ჩვენი გუნდის ყველა თამაშს გადავხედეთ… ბევრ საინტერესოს ვერაფერს გადავაწყდით. მარტის ამინდებივით, საქართველოს ნაკრების მარტის შედეგებიც გვარიანად არეული ყოფილა, თუმც ეროვნული გუნდის ისტორიაში რამდენიმე აღსანიშნი ფაქტი მაინც დაფიქსირებულა.

29 მარტი. 1995. საქართველოს ნაკრები შინ, მომავალ ევროპის ჩემპიონ გერმანიასთან 0:2 დამარცხდა. სწორედ ამ მატჩისას დაფიქსირდა ეროვნულ სტადიონზე მაყურებელთა სარეკორდო რაოდენობა – 110 ათასი (არაოფიციალური მონაცემებით).

30 მარტი. 1997. საქართველოს ნაკრებმა სომხეთი 7:0 დაამარცხა და პირველად გაიმარჯვა ყველაზე დიდი ანგარიშით.

30 მარტი. 2005. საქართველოს ნაკრები თურქეთთან 2:5 დამარცხდა და პირველად მიიღო საკუთარ მოედანზე 5 გოლი.

26 მარტი. 2011. საქართველოს ნაკრებმა პირველად დაამარცხა ევროპული გრანდი – ხორვატია ( არ ვთვლით მსოფლიო 1994 წლის ჩემპიონატზე ბულგარეთის გამონათებას და 1995 – ში იმ ნაკრების დამარცხებას).

28 მარტი. 2017. 24 მარტი და 27 მარტი. 2018. საქართველოს ნაკრებმა მარტის ზედიზედ სამ მატჩში 11 უპასუხო გოლი გაიტანა. დაამარცხა ლატვია – 5:0, ლიეტუვა – 4:0, ესტონეთი – 2:0.

25 მარტი. 2022. საქართველოს ნაკრებმა სტუმრად დაამარცხა ბოსნია და მას შემდეგ დღემდე, მარტში ჩატარებული არც ერთი მატჩი წაუგია. ამ პერიოდის მარტის თვეში საქართველოს ნაკრებმა გაიტანა 16 და მიიღო 3 გოლი. მოიგო 5 და ფრედ ითამაშა 3 მატჩი.

მარტის თვეში საქართველო ნაკრებს ასეთი შედეგი აქვს: 39 + 16 = 6 – 17.