ვეტერანმა ფეხბურთელმა და სპორტულმა დირექტორმა ვალტერ საბატინიმ Radio Marte-ს ეთერით იტალიაში სკუდეტოსთვის ბრძოლაზე, „ნაპოლისა’’ და „სკუადრა აძურას’’ შესახებ ილაპარაკა. მოვიყვანთ მის ციტატებს:
…„ნაპოლის’’ ჯერ კიდევ რეალურად შეუძლია მოიგოს სკუდეტო. ჩემპიონატის დასასრულამდე ბევრი ტურია, თუმცა შეცდომების დაშვების ფუფუნება ფაქტობრივად აღარვის აქვს. გუნდი კარგად თამაშობს. მას ჩინებულად ხელმძღვანელობს ანტონიო კონტე, რომელიც ყოველ ფეხის დაცდენაზე სწორად რეაგირებს. მე რომ „ნაპოლის’’ ფანი ვიყო, ამ გუნდით უეჭველად ვიამაყებდი…
…კვარაცხელია? ჩვენ ვლაპარაკობთ დიდ ფეხბურთელზე. მისი კალიბრის შემცვლელის იანვარშივე მოძებნა უბრალოდ შეუძლებელი იყო. ზამთრის სატრანსფერო ბაზარი ტოქსიკურია: მაღალი კლასის ფეხბურთელს არავინ დაგითმობს. თუმცა „ნაპოლის’’ ქართველის გარეშეც შეუძლია სკუდეტოს მოგება…
…„ნაპოლიში’’ არიან ფეხბურთელები, რომლებსაც მეტი გოლის გატანა მართებთ. მაგალითად ჯაკომო რასპადორი კარგად თამაშობს, მაგრამ მეტოქის კარის წინ უფრო კონკრეტული უნდა იყოს. წარმოუდგენელ სამუშაოს ასრულებს მატეო პოლიტანო, ის მაღაროელივით არის, მაგრამ ანგარიშზე 2-3 გოლით მეტი სჭირდება. შესანიშნავად თამაშობს სტივ მაკტომინეიც, თუმცა მასაც შეუძლია თავისი წილი საგოლე მომენტები უკეთ გამოიყენოს. და რომელუ ლუკაკუ? ეს ფეხბურთელი გუნდისთვის თავს არ ზოგავს. მართალი რომ გითხრათ, მისგან ძალიან ბევრ გოლს არ ველი, ოღონდ გადამწყვეტ გოლებს ნამდვილად ვითხოვ. ბელგიელი მოტივორებულია. თან მას კონტესთან განსაკუთრებული ურთიერთგაგება აკავშირებს…
…იტალიის ნაკრები გერმანიასთან (1:2) უკეთეს შედეგს იმსახურებდა. ამ შეხვედრაში მე დავინახე ძალიან ძლიერი გუნდის ჩანასახი. ჩემი აზრით ჩვენს ეროვნულ გუნდს უდიდესი პოტენციალი აქვს.