საქართველოს ნაკრებმა მეორე მატჩშიც დიდი ანგარიშით დაამარცხა სომხეთის ეროვნული გუნდი – 6:1 (ორი მატჩის ჯამში – 9:1) და ერთა B ლიგაში ადგილი შეინარჩუნა.
დისკვალიფიცირებული კაშია და კვარაცხელია დაბრუნდნენ. სასტარტოში გამოჩდნენ მექვაბიშვილი და წიტაიშვილი.
ზღაპრულ პირველ ტაიმს ცოტა დაბნეული მეორე ნახევარი მოჰყვა. საერთოდ კი პირველი მატჩის შემდეგ დიდი უპირატესობის მიუხედავად, ჩვენებურებს მოტივაცია არ დაუკარგავთ და ნამდვილი ზეიმი მოაწყვეს მინდორზე.
ალბათ ყველა ეპიზოდის ჩამოთვლა არ ღირს. ჩვენებურები 35-ე წუთისთვის უკვე 5:0 იგებდნენ. ტაიმის ბოლო წუთზე კი ჩაკვეტაძის უძლიერესმა დარტყმამ ძელი შეაზანზარა.
ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ მე-4 წუთზე წიტაიშვილმა მარცხნიდან ჩააწოდა ბურთი საჯარიმოში, კიტეიშვილმა დაარტყა, ბურთი სომეხ მცველს მოხვდა და კარში აღმოჩნდა. უეფა-მ თავიდან გოლი კიტეიშვილს ჩაუთვალა, მაგრამ მერე შეასწორა და ავტოგოლი ჰაროიანს მიათვალა.
მერე დაიწყო გოლების ცვენა. ყველანაირი გემოვნების ბურთი გავიდა. ფანტასტიკური დრო უდგას ჟორჟ მიქაუტაძეს, მან ამჯერადაც დუბლი მიითვალა და ერთი ასისტიც შეასრულა. ეს 28-ე ორგოლაა ჩვენი ნაკრების ისტორიაში. ჟორჟს კი ბოლო 4 მატჩში („ლიონის“ ჩათვლით) 7 გოლი და 5 საგოლე გადაცემა მოუგროვდა…
ნაკრებში კი 20 გოლი შეასრულა და ყველა დროის ბომბარდირ შოთა არველაძეს ახლა მხოლოდ 6 ბურთით ჩამორჩება.
ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა და საგოლე გადაცემაც მიითვალა. ძალიან ცდილობდა, დიდი სამუშაოც გასწია.
მეორე ტაიმი სომხებმა აქტიურად დაიწყეს ჩვენები კი მოდუნეულები გავიდნენ მინდორზე. და პრესტიჟის გოლიც გაიტანეს ედგარ სევიკიანმა ლამაზი მაკრატელა შეასრულა. მალე ბარსეგიანმა მოარტყა ბურთი ხარიხას.
მერე თამაში გათანაბრდა და ჩვენებურებმა მშვიდად მიიყვანეს თამაში გამარჯვებამდე.