მაილს ლუის-სკელის ოჯახი „უემბლიზე’’ სიხარულისგან მეცხრე ცას ეწია: „არსენალის’’ ჭაბუკმა ვარსკვლავმა თომას ტუხელს იმედი გაუმართლა და ეროვნულ გუნდში თავის სადებიუტო შეხვედრაში გოლი გაიტანა. ეს ინგლისისა და ალბანეთის ნაკრებთა შეხვედრის მე-20 წუთზე მოხდა, როდესაც მარცხენა მცველმა ჯუდ ბელინგემის ჩინებული პასით მეკარე თომას სტრაკოშას კარში გოლი შეაგდო. ამრიგად, ლუის-სკელი გახდა ინგლისის ნაკრების 155 წლიან ისტორიაში უმრწემესი გოლის ავტორი: 18 წლის და 176 დღის.
ლუის-სკელიმ გააუმჯობესა მარკუს რეშფორდის შედეგი. 2016 წლის მაისში, როდესაც ავსტრალიას გაუტანა, რეშფორდი 18 წლის და 209 დღის იყო. საინტერესოა, რომ ახლა უკვე 27 წლის ფეხბურთელმა ხსენებული გოლი ასევე თავის პირველ სანაკრებო შეხვედრაში შეაგდო და ინგლისის ნაკრები მაშინაც მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის პირველ მატჩს თამაშობდა.
ალბანეთთან შეხვედრას კი რასაკვირველია ესწრებოდა ლუის-სკელის ოჯახი. ITV-ს კამერებმა გადაიღო, თუ როგორ გაიხარეს ფეხბურთელის ბებიამ და დამ. მატჩის შემდეგ ლუის-სკელიმ მღელვარება ვერ დამალა: „არ ვიცი რა ვთქვა. დიდი მადლობა მწვრთნელს, რომელიც მენდო და მათამაშა. დიდი მადლობა გულშემატკივარს, რომელმაც თავი შინ მაგრძნობინა. ბედნიერი ვარ’’.
ტუხელის კომენტარი ასეთი იყო: „ის საუცხოო ფეხბურთელი და საუცხოო ადამიანია. შემოდგა თუ არა ნაკრებში ფეხი ყველანი მივხვდით, რომ მაილსი არის ადამიანი, რომელიც უნდა გიყვარდეს’’.
ლუის-სკელი მისმა არსენალელმა თანაგუნდელმა დეკლან რაისმაც შეაქო: „მაილსი უშიშარი ბიჭია. მოედანს მიღმა არაფერი ეშლება, არადა მხოლოდ 18 წლისაა. ზუსტად ვიცოდი, რომ დღეს კარგად ითამაშებდა, რადგან საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებულია. ის ორივე ფეხით მიწაზე დგას და ეს ჯერ კარიერის დასაწყისია’’.
შეხვედრის მეორე გოლი ინგლისელთა კაპიტანმა ჰარი კეინმა გაიტანა.