ძიუდოში, თბილისის „გრანდ სლემის“ პირველ დღეს ჩვენმა გუნდმა სამი მედალი მოიპოვა, აქედან ორი ერთ ოჯახში შევიდა.
ოქრო ეთერ ლიპარტელიანმა მოიპოვა, ხოლო ვერცხლი მის მეუღლეს, თემურ ნოზაძეს ერგო. კიდევ ერთი ბრინჯაო კი, ნინო ლოლაძის აქტივშია. არადა, კაცებში რვა მონაწილე გვყავდა, მედლებით კი ქალები უსწრებენ. ასეთი რამ ქართული ძიუდოს ისტორიას არ ახსოვს.
57 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ლიპარტელიანმა განსაკუთრებით ძლიერად ფინალი ჩაატარა, სადაც ფრანგ მარტა ფავაზს ვაზარითა ჩამორჩა, მაგრამ დარჩენილ დროში ვაზარიც გაუქვითა და შემდეგ მოუგო კიდეც.
ფინალამდე ლიპარტელიანმა ბრაზილიელი ბიანკა რეიესი იუკოთი ჩამოიშორა, გერმანელ პაულინ სტარკეს ორი ვაზარით სუფთად აჯობა, ნახევარფინალში სერბ მარიცა პერიშიჩი ვაზარით დაამარცხა. ამავე წონაში ლოლაძემ ჯგუფში ნეიტრალური გუნდის ქსენია დანილოვიჩი, უზბეკი შუკურჯონ ამინოვა და ბრაზილიელი ჯესიკა ლიმა დაამარცხა. ნახევარფინალში ზემოთ ნახსენებ ფავაზთან წააგო, ბრინჯაოსთვის კი, გერმანელ სტარკეს აჯობა.
66 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ნოზაძემ ნეიტრალური გუნდის წარმომადგენელ კონრად შოკასა და ლიეტუველ ანდრეი კლოკოვს სუფთად აჯობა, მეოთხედფინალში ასევე ნეიტრალური გუნდის წევრ ლევონ თუმასიანცთან ვაზარით იმარჯვა, ნახევარფინალში კი, თანაგუნდელ ნადირაძეს მოუგო. ნოზაძე ფინალში ნეიტრალური გუნდის კიდევ ერთ წევრს, არბეკ ნაგუჩევს დაეჭიდა და სუფთად წააგო. ნადირაძე ნახევარფინალში ნოზაძესთან მარცხის შემდეგ ბრინჯაოსთვის უზბეკ აბდურახიმ ნუტფულოევთანაც წააგო და უმედლოდ დარჩა.
მთლად უმედლოდ დავრჩით 60 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში. ყველაზე ახლოს მედალთან მაზიაშვილი იყო, რომელმაც ნახევარფინალამდე კარგად იარა, მაგრამ ზედიზედ ორი ბრძოლა წააგო. ჯერ ბრაზილიელ ავგუსტოსთან, შემდეგ კუბელ ჯონათან ჩარონთან.
თუმც, ამ წონაში მაინც ქართველმა გაიმარჯვა, ოღონდ საფრანგეთის სახელით მოჭიდავე ლუკა მხეიძემ.