საქართველოს ნაკრებმა 2025 წელი გამარჯვებით დაიწყო. ერევანში სომხეთის ეროვნული გუნდი დიდი ანგარიშით 3:0 დაამარცხა და ერთა B ლიგაში დარჩენისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა. კარგია, რომ ოთხმატჩიანი მოუგებელი სერიის შემდეგ „ჯვაროსნებმა“ წელიწადი მოგებით დაიწყეს.
ნაკრებს პირველად უკაპიტნა ოთარ კიტეიშვილმა. საბა გოგლიჩიძე კი პირველად მოხვდა სასტარტო შემადგენლობაში და ჩინებულად გაართვა თავი ამოცანას.
ახლა საქართველოს სომხეთთან ასეთი ბალანსი აქვს: 8 მატჩი, 4 მოგება, 2 ფრე და 2 წაგება.
პირველი ტაიმი მასპინძლებმა ძალიან აქტიურად დაიწყეს, რაც მოსალოდნელიც იყო. მაღალი პრესინგი შემოგვთავაზეს და თავიდან ცოტა გაგვიჭირდა. ერთი გამოსარჩევი ეპიზოდი გიორგი ჩაკვეტაძისა იყო, როცა ივუს დაასწრო და საჯარიმოში წააქციეს. საეჭვო ეპიზოდი გამოვიდა, მაგრამ რუმინელ არბიტრ რადუ პეტრესკუს არც გადაუმოწმებია. პენალტი არ დაინიშნა.
ჩვენები ბურთს მეტად აკონტროლებდნენ და პრესინგსაც უმატეს. ამან შედეგი გამოიღო და ოთხწუთიან ინტერვალში ორი გოლი გავიტანეთ: ჯერ გიორგი ქოჩორაშვლმა (33-ე წთ), შემდეგ ჟორჟ მიქაუტაძემ (37-ე წთ).
შესვენების შემდეგ მიქაუტაძემ დუბლი შეასრულა, სწრაფი კონტრშეტევისას ჩაკვეტაძესთან შესანიშნავი კომბინაცია გაითამაშა. ჩაკვეს თავადაც შეეძლო გატანა, მაგრამ გუნდურობის მაგალითი შემოგვთავაზა და უკეთეს პოზიციაში მყოფ ჟორჟს პასი არ დაუგვიანა.
მიქაუტაძემ ფანტასტიკური სერია გააგრძელა „ლიონის“ ბოლო ორ მატჩში სამი გოლი და 4 საგოლე გადაცემა – დიდებული შედეგია. ახლაც დუბლი.
ჟორჟმა სომხების მთავარ მწვრთნელ ჯონ ვანტ’სხიპსაც დაუმტკიცა, რომ მეტ ნდობას იმსახურებდა. მოგეხსენებათ, მიქაუტაძის „აიაქსში“ ყოფნის დროს ამსტერდამელთა მწვრთნელი სწორედ ვანტ’სხიპი იყო და ჟორჟს შემადგენლობში ადგილი ვერ მოუძებნა.
სხვათა შორის, თამაშის შემდეგ ჟორჟი ნიდერლანდელთან მივიდა და სიცილით რაღაც გადაულაპარაკა. ვანტ’სხიპის სომხური დებიუტი უიღბლო აღმოჩნდა.
ამ შეხვედრის მერე მიქაუტაძე 18 გოლით ნაკრების ისტორიაში მეორე ბომბარდირი გახდა. პირველი 26 გოლით შოთა არველაძეა.
მეორე ტაიმი კი მთლიანად ქართველების გამოდგა. მასპინძლებს დაღლაც დაეტყოთ და ჩვენებურები ცოტა ზუსტნი რომ ყოფილიყვნენ, ანგარიში გაცილებით დიდი იქნებოდა.
ორი საწყენი ამბავიც შეგვემთხვა. ლოჩოშვილმა ექიმების დახმარებით დატოვა მინდორი. რამდენად სერიოზულია მისი ტრავმა, მალე გაირკვევა.
ყვითელი ბარათი მიიღო დავითაშვილმა და მომდევნო თამაშს გამოტოვებს.