Véronique Rabiot, ici ce lundi à Clairefontaine, a été la cible privilégiée des supporters parisiens lors du clasico PSG-OM. Icon Sport„მარსელის’’ ფეხბურთელის, ადრე „პარი სენ ჟერმენსა’’ და „იუვენტუსში’’ ნათამაშები ადრიან რაბიოს (საფრანგეთის ნაკრებში 50 კეპი) დედა და ოფიციალური მრჩეველი ვერონიკ რაბიო კვირას „პარკ დე პრენსზე’’ ჩატარებული „კლასიკის’’ შემდეგ აღშფოთებული დარჩა ― პარიზელი გულშემატკივარი ტრიბუნიდან მას ლანძღავდა. მადამ რაბიომ „ეკიპის’’ არხზე თქვა, რომ ჩივილს აპირებს. მან სამჯერ გაიმეორა, რომ „აღშფოთებულია, აღშფოთებულია, აღშფოთებულია!“.

„რასაკვირველია გაბრაზებული ვარ, რადგან ორმაგ სტანდარტებს ვაწყდებით. როდესაც ადრიანი ცდება, მას მედიის ყველა საშუალება წინა გვერდზე აჭენებს, შემდეგ კი მთელი კვირა ამაზე ლაპარაკობენ. ახლა? ყურსაც არავინ იბერტყავს’’, – სულ მეტად და მეტად მძვინვარებდა ნახევარმცველის მშობელი გადაცემის მსვლელობისას.

ვერონიკ რაბიო ამბობს, რომ თავისი წილი პასუხისმგებლობა „პარი სენ ჟერმენსაც’’ აკისრია.

„არ ვფიქრობ, რომ ეს ობსტრუქცია კლუბის მიერ იყო დაგეგმილი, მაგრამ პასუხისმგებლობის წილი მასზეც არის. ამხელა ბანერების სტადიონზე ჩუმად შეტანა შეუძლებელია. ეს შეიძლება იმას ნიშნავდეს, რომ პსჟ ვერაფერს აკონტროლებს, თუმცა სინამდვილეში პლაკატის შესახებ ყველამ ყველაფერი წინასწარ იცოდა. მე ინსტაგრამზე მესიჯებს მიგზავნიდნენ, სადაც ეწერა: „დღეს კარგად დაინახავ ჩვენს დამოკიდებულებას შენი და შენი შვილის მიმართ. მამა რაბიო საფლავში იტრიალებს’’.’’

ვერონიკმა განაგრძო: „ვფიქრობ, რომ მსაჯმა თავისი საქმე არ გააკეთა. ვფიქრობ, ყველა წინასწარ იყო გაფრთხილებული, რომ ეს თამაში შეწყდებოდა, მაგრამ ასეთი მნიშვნელოვანი მატჩების ჩაშლა არავის უნდა. და კიდევ, ადრან და ვერონიკ რაბიოები ამდენად გავლენიანი ადამიანებიც არ არიან. ეს იყო თიხის ქოთნის ბრძოლა რკინის ქოთანთან’’.

მადამ რაბიოს თქმით „პარი სენ ჟერმენის’’ ყველას ეშინია. მისი აზრით რეაგირება უნდა მოეხდინათ მათ ვისაც ჯერ არს, მაგრამ ისინი პრობლემებს საქმით კი არა, პათეტიკური სიტყვებით პასუხობენ.

„სწორედ ეს მაბრაზებს და ამიტომ მაქვს რეაქცია. საკუთარ თავს მსხვერპლად არ მივიჩნევ, უბრალოდ მინდა, რომ ხალხმა გააპროტესტოს. ეს ბიზნესის, ფულის სამყაროა და მასში მკაფიო პოზიციის დაკავებას ყველა ერიდება. არადა, სწორედ პოზიციის დაჭერაა მნიშვნელოვანი. ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას’’.

როდესაც ფეხბურთელის დედას შეურაცხმყოფელი ბანერის შესახებ – „თაობიდან თაობაზე მეძავებო’’  – ჰკითხეს, მან უპასუხა: „კი მაგრამ ბანერი – „ვინ არის შენი ნამდვილი მამა?’’  – ნაკლებად შეურაცხმყოფელი იყო? მე კი არ განვიცდი, აღშფოთებული ვარ და ეს სხვა რამ არის. მე ორმაგი სტანდარტი მაბრაზებს. ადრიანს ყველაფერზე თავს ესმიან, ამაზე კი რეაქცია არავის ჰქონია. მახოვს, როდესაც ჩემი შვილი ნაკრებში არ გამოცხადდა, ყველა ლანძღავდა. მისთვის საფრანგეთის მოქალაქეობის ჩამორთმევას ითხოვდნენ. მაშინ ყველა ამხედრდა, ახლა კი პირში წყალი აქვთ ჩაგუბებული’’.