მოედანზე მეორე ტაიმში შესული ბუდუ ზივზივაძის მიერ 65-ე წუთზე გატანილმა არაჩვეულებრივმა გოლმა მე-13 ადგილზე მყოფ „ჰოფენჰაიმს’’ ზედიზედ მეორე გამარჯვების საშუალება არ მისცა. „ჰაიდენჰაიმი’’ კი კვლავ ბოლო ადგილზეა, თუმცა ქართველი გულშემატკივრისთვის მნიშვნელოვანი ის არის, რომ ნავსი გაწყდა და ბუდუმ ბუნდესლიგაში გოლი მიიწერა.
„როგორც იქნა! ჩინებული გოლი გამოვიდა. მიხარია „ჰაიდენჰაიმის’’ სახელით პირველი გოლი რომ შევაგდე. ეს აგრეთვე იყო ჩემი პირველი გოლი ბუნდესლიგაში. კიდევ, მიხარია ის, რომ გუნდს დავეხმარე. დღეს ბოლომდე ვიბრძოლეთ და ვფიქრობ, რომ 1:1 სამართლიანი შედეგია. პირველ ტაიმში თამაშს „ჰოფენჰაიმი’’ აკონტროლებდა, მაგრამ მეორე ტაიმში მეტოქეს ჩვენ ვაჯობეთ. დღეს მოპოვებული ქულა ჩენი მენტალობისა და სულიერი მდგომარეობისთვის არის კარგი. მომავალში ისევე უნდა ვითამაშოთ, როგორც დღეს, შესვენების შემდეგ. ეჭვი არ მეპარება, რომ კიდევ მოვიპოვებთ ქულებს’’, – თქვა მატჩის შემდეგ ქართველმა თავდამსხმელმა.
მწვრთნელი ფრანკ შმიდტი: „ორი განსხვავებული ტაიმი ვითამაშეთ. პირველ ნახევარში მომენტი კარგა ხანი ვერ შევქმენით. დღეს არ გვინდოდა ადრე გაგვეშვა გოლი, როგორც ეს გლადბახში შეგვემთხვა. გამაღიზიანებელი იყო ისიც, თუ როგორ გავუშვით გოლი. შემდეგ გაგვიმართლა მეტოქემ კონტრშეტევაზე რომ არ გამოგვიჭირა და ანგარიში 2:0 არ გახდა. მეორე ტაიმში კი რაღაცები შევცვალეთ და გაცილებით მეტი შეტევა ჩავატარეთ. ხელსაყრელი მომენტები მანამდეც გვქონდა, სანამ ანგარიშს გავათანაბრებდით. ვფიქრობ, შანსების თვალსაზრისით უპირატესობა ჩენი იყო. მქონდა შეგრძნება, რომ გარჯა დაგვიფასდებოდა. როდესაც ჩვენ მიერ მეორე ტაიმში შექმნილ საგოლე მომენტებს ვიხსენებ, იმედით ვივსები. ამიერიდან ასე ორივე ტაიმში უნდა ვითამაშოთ და ბუნდესლიგის მატჩებს მოვიგებთ. ახლა მეტი ქულა გვჭირდება და შემდეგ ტურში „კილთან’’ ჩვენი ამოცანაც სწორედ ქულების მოპოვება იქნება’’.
ბუდუს flashscore-მა 8.3 ქულა დაუწერა, whoscored-მა 7.9, ხოლო sofascore-მა 8.1. სამივე პორტალმა ქართველი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა.