შაბათ საღამოს რენში ქართველმა ხვიჩა კვარაცხელიამ ბრწყინვალე საჰაერო ილეთი შეასრულა, რომელიც „პარი სენ ჟერმენის’’ ოფიციალურმა გვერდმა შესანიშნავი ფოტოთი უკვდავყოო, წერს „პარიზიენი’’. სტუმართა შვიდი ნომრის ფოტო სრულიად ინტერნეტმა აიტაცა.
გავლენიანი ფრანგული გაზეთი ამბობს, რომ ფოტო ქსელს მანამდე მოედო, სანამ კლუბი მას ოფიციალურად გამოაქვეყნებდა. თავად ამბავი კი 8 მარტს მოხდა, როდესაც პსჟ-მ საფრანგეთის ჩემპიონატის 25-ე ტურის შეხვედრაში „რენს’’ სტუმრად 4:1 მოუგო. კვარაცხელია, რომელიც მოედანზე კანგ ინ ლის ნაცვლად 63-ე წუთზე შევიდა, საქმეში დიდებულად ჩაერთო და როდესაც ფეხი ბრეტონის ცას მიაბჯინა თავისი წარმოდგენა ლამაზი აკორდითაც დაამშვენა.
„თუკი ფეხბურთს ლოგო უნდა ჰქონდეს, კვარას ილეთი ზედგამოჭრილია’’, – დაწერა „პარიზიენის’’ საიტზე ერთ-ერთმა მკითხველმა. გაზეთის X პლატფორმაზე ბევრმა გულშემატკივარმა ეს ფოტო ბუნდესლიგის ლოგოს შეადარა, თუმცა ქართველმა ფეხი კიდევ უფრო მაღლა აწია, ვიდრე გერმანული ნახატის არქეტიპმა.
„პარიზიენის” მტკიცებით ბოლო დღეებში პარიზელ გულშემატკივართა შორის კვარაცხელიას ბუმია. ეს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის დღეს დაიწყო, როდესაც ხვიჩამ „ლივერპულს’’ შესანიშნავი გოლი გაუტანა, მაგრამ ის ორსანტიმეტრიანი ოფსაიდის გამო არ ჩათვალეს.
რენში გამარჯვების შემდეგ კი ქართველი თავდამსხმელის შესახებ პსჟ-ს მწვრთნელ ლუის ენრიკეს ჰკითხეს. ესპანელმა უპასუხა:
„მე ცალკეულ ფეხბურთელებზე ლაპარაკი არ მიყვარს, მაგრამ მათ ოსტატობას მაინც ვუსვამ ხოლმე ხაზს. თქვენ კვარას „ნაპოლისა’’ და საქართველოს ნაკრებიდან იცნობთ. ის დიდი პოტენციალის ფეხბურთელია, უკეთ და უკეთ თამაშობს, სულ უფრო მეტად ერწყმის გუნდს. მისი გუნდში ყოლა ძალიან სასიამოვნოა’’.