„მარკა’’ წერს, რომ „ვალენსიასა’’ და „ვალიადოლიდის’’ შეხვედრის უარყოფითი გმირი მასპინძლეთა მეკარე გიორგი მამარდაშვილი იყო, რომელმაც პირველი ტაიმის ბოლოს ფეხით თამაშში უხეში შეცდომა დაუშვა და ხუანმი ლატასას ანგარიშის გათანაბრების საშუალება მისცა. საქართველოს ნაკრების კარის მცველს ბურთი მისმა მცველმა კრისტიან მოსკერამ დაუგორა. მან გამოტანა სცადა, მაგრამ შეეშალა – ის სტუმრების თავდამსხმელს მიუგორა. შემდეგ მამარდაშვილმა მეტოქისთვის სივრცის შეზღუდვა სცადა, მაგრამ ლატასამ დაბალი დარტყმით ბურთი კარში შეაგდო.
შეხვედრის დამთავრების შემდეგ ქართველმა თავის ინსტაგრამზე დაწერა: „ვიცი, რომ საუკეთესო ფორმაში არ ვარ, მაგრამ მჯერა – გამოწვევა გვაძლიერებს. ყველა ღონეს ვხმარობ, რათა უმოკლეს დროში კვლავ საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია გვახდე’’.
გოლის შემდეგ, შესვენებამდე, როდესაც ბურთს ქართველს უბრუნებდნენ, ტრიბუნებიდან სტვენა და ღრიალი ისმოდა, თუმცა მეორე ტაიმში გულშემატკივარმა რეაქცია შეცვალა და მეკარისადმი თანადგომა გამოხატა. როდესაც შესვენების შემდეგ ის გასახდელიდან მოედანზე დაბრუნდა, უკანა ტრიბუნიდან ტაშს უკრავდნენ.
„დღევანდელი გამარჯვება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ის ბრძოლის გაგრძელებისთვის ძალ-ღონით გვავსებს. მადლობა „მესტალიას’’ მხარდაჭერისთვის’’, – დაწერა მამარდაშვილმა თავის მესიჯში.
მეორე ტაიმში კი, „მარკას’’ წერს, რომ „ვალენსიას’’ მეკარემ კარგად ითამაშა. გაზეთი იმავე ლატასას კიდევ ერთი დარტყმულის მოგერიებას უსვამს ხაზს.
„ამის შემდეგ კი ის სამჯერ გამოვიდა კარიდან (არადა, მაღალ ბურთებზე გამოსვლა მისი საუკეთესო მხარე არ არის) და „ალბივიოლეტას’’ მიერ შექმნილი ხიფათი გაანეიტრალა’’, – წერს „მარკა’’.
flashscore-მა მამარდაშვილს 6.4 დაუწერა, whoscored-მა 6.1, ხოლო sofascore-მა 6.6.