???? Les Green Angels ont un cœur gros comme ça !საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეიძლება უახლოეს დღეებში ფეხბურთის ოთხი კლუბის გულშემატკივართა ხუთი დაჯგუფება დაშალოს. ესენია: „ბრიგადა ლუარი’’ (ნანტი), „ჯადოსნური ფანები’’ და „მწვანე ანგელოზები’’ (სენტ ეტიენი), „დამრღვევები’’ (სტრასბურგი) და „ლეგიონ X’’ (ფკ პარიზი, ლიგა 2). ჩამოთვლილ ფან-კლუბებს რვაკაციანი კომისიის წინაშე თავის მართლების შესაძლებლობა მიეცემათ.

პროცესი 2024 წლის ბოლოდან იღებს სათავეს. თავდაპირველად ჩრდილი გულშემატკივართა ცხრა გართიანებას მიადგა, მაგრამ პირველადი გამოძიების შემდეგ დარჩა ხუთი. „ბრიგადა ლუარი’’ ყურადღების ცენტრში მას მერე მოხვდა, რაც მისი წევრები 24 ნოემბერს „ნანტისა’’ და „ლე ავრის’’ შეხვედრის დროს მოედანზე გადახტნენ. ეს დაჯგუფება სენტ ეტიენის ორ ზემოხსენებულ დაჯგუფებასთან ერთად ფრანგულ ფეხბურთში ულტრამემარჯვენეობით და აქტიურობით გამოირჩევა. სტრასბურგელი კანონდამრღვევები შედარებით პატარა გაერთიანებაა, მაგრამ მიიჩნევა, რომ ის ხულიგნობასთან და ნეონაციზმთან არის ახლოს. „ლეგიონ X’’ კი თავს თავისივე კლუბის სხვა ფან-კლუბის წევრებს დაესხა, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი დაიჭრა.

ხუთშაბათს საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხელი მოაწერა უწყებათაშორის ცირკულარს, რომელიც ქვეყნის სტადიონებზე ძალადობის აღკვეთას ისახავს მიზნად. სამინისტრო აცხადებს, რომ უსაფრთხოებისთვის ბრძოლა ძლიერდება, რის ნათელი მაგალითიც არის ის, რომ სეზონის დაწყებიდან სამართალდამცავებმა 550 ადამიანი დაიჭირეს.

თუმცა არსებობს სხვა მოსაზრებაც. კერძოდ ის, რომ ჩამოთვლილი კლუბების აკრძალვა პრობლემას კი არ მოაგვარებს, არამედ გაამრავლებს. დღევანდელი სისტემა იდეალური არ არის, მაგრამ კლუბებს გულშემატკივრებთან დიალოგის შესაძლებლობას აძლევს. ასე ძალადობის პრევენცია, რიგი საკითხების რეგულირება და მათზე ზეგავლენა ხდება. ვითარების გამოსასწორებლად საჭიროა არა რეპრესიები, არამედ მეტი დიალოგი და ჩართულობა. თუ გულშემატკივართა კლუბებს დაშლიან, მაშინ დიალოგიც შეწყდება და მოხულიგნო ფანები მთლიანად ქუჩაში გადაინაცვლებენ. მათი იდენტიფიცირება ძალიან გაძნელდება.

დღეისათვის საფრანგეთში სტადიონზე დასწრების უფლება აკრძალული აქვს 240 კაცს. შეადარეთ ეს რიცხვი 2000-ს, რაც ბრიტანეთის მონაცემია. შინაგან საქმეთა და სპორტის სამინისტროები პრეფექტურებს მეტ აქტიურობას სთხოვენ. საჭიროა ხულიგნების ადგილობრივად გამოვლინება და მათი სტადიონებიდან კოდევ უფრო აქტიურად მოკვეთა. მეტად უნდა მიექცეს ყურადღება ძალადობრივ მოწოდებებს, ტრიბუნიდან საგნების სროლას და ასე შემდეგ.