„მილანს’’ ცუდი სეზონი აქვს. ლეგენდარული „როსონერი’’ სერია A-ს ცხრილში მე-9 პოზიციაზეა, ჩემპიონთა ლიგიდან გავარდა და… არც მოედანსმიღმა შარი აკლია: ხუთშაბათს გუნდის მწვრთნელის სერჟიო კონსეისაუს პრეს-სპიკერმა ფრანსისკო ემპისმა გაავრცელა წერილი, რომელშიც აღწერა, თუ რა სირთულეებს წააწყდა პორტუგალიელი მწვრთნელი მას მერე, რაც „მილანი’’ ჩაიბარა ანუ იანვრიდან. წერილში ჩამოთვლილი იყო, რომ კლუბის ინფრასტრუქტურა ევროპის ტოპ-გუნდისას არ შეეფერება, ფეხბურთელები ცუდ ფიზიკურ ფორმაში დახვდნენ, ზოგი მათგანი სათანადოდ არ ინდომებს და ხელმძღვანელობაც როგორც საჭიროა გუნდზე ისე არ ზრუნავს.
ინფორმაცია ამ წერილის შესახებ მყისვე მოედო იტალიურ მედიას და მიუხედავად კონსეისაუს ოპერატიული მობოდიშებისა, სკანდალი ატყდა. მწვრთნელმა „გაძეტა დელო სპორტს’’ იმავე საღამოს უთხრა: „რაც ჩემ შესახებ ითქვა მართალი არ არ არის’’. პარასკევს კი გაიმართა „ლეჩესთან’’ მატჩისწინა პრეს-კონფერენცია, რომელზეც პორტუგალიელმა თემა განავრცო:
„ყველაფრისთვის ბოდიშს ვიხდი. ვერ ვხვდები რატომ მოიქცა ჩემი ყოფილი თანამშრომელი ასე. არ ვიცი ბოროტი განზრახვით მოუვიდა თუ ვინმემ მოისყიდა. მას იურისტების წინაშე მოუწევს პასუხის გაცემა. მე არაფერი ვიცოდი. ერთმა ჟურნალისტმა დამირეკა და ამ ინფორმაციის სქრიშოთი ჩამიგდო’’.
კონსეისაუმ ფრანსისკო ემპისს ყოფილი თანამშრომელი იმიტომ უწოდა, რომ ამ უკანასკნელმა სკანდალის შემდეგ გადადგომა გადაწყვიტა. მან „გაძეტა დელო სპორტს’’ ასე განუცხადა: „თანამდებობას იმის გამო ვტოვებ, რომ შევცდი და კონსეისაუს რეპუტაცია შევლახე. ამასთან ვიტყვი, რომ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში იყო რამდენიმე უზუსტობა, განსაკუთრებით იმ ნაწილში, რომელიც ფეხბურთელებს, ტექნიკურ სტაფსა და მენეჯმენტს ეხება. ეს ამბები სინამდვილეს არ შეესაბამება და უსაფუძვლო ჭორებს ეყრდნობა’’.