Malick FOFANA of Lyon celebrates his goal with his team-mates and his coach Paulo FONSECA during the UEFA Europa League match between FCSB and Lyon...ჟორჟ მიქაუტაძის „ლიონმა’’ ევროლიგის მერვედფინალის პირველ შეხვედრაში ბუქარესტში „სტიაუას’’ 3:1 მოუგო. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა მოედანზე 68 წუთი დაჰყო, შემდეგ კი ის ალექსანდრ ლაკაზეტმა შეცვალა. მიქაუტაძემ ჩინებული საგოლე პასი შეასრულა, როდესაც ნიკოლას ტალიაფიკომ ანგარიში გახსნა. ეს 30-ე წუთზე მოხდა. ზემოთ ხსენებულ 68-ე წუთზე კი, როდესაც ჟორჟს მოედანი უნდა დაეტოვებინა, მასპინძლებმა ანგარიში გაქვითეს. გოლი ალექსანდრუ ბალოტამ შეაგდო. შეხვედრის მიწურულს 19 წლის ბელგიელმა მალიკ ფოფანამ ორი გოლი გაიტანა და მაინც სტუმრებს მოაგებინა. მას ორივეჯერ, 86-ე და 98-ე წუთებზე ასისტენტობა რაიან შერკიმ გაუწია.

Maxifoot-მა, რომელიც ფეხბურთელების შეფასებისას სიმკაცრით გამოირჩევა მიქაუტაძეს 5 ქულა დაუწერა და თავისი ნიშანი სიტყვიერად ასე დაასაბუთა: „ქართველს გაბრწყინების ბევრი შესაძლებლობა არ ჰქონია, მაგრამ მის მიერ გაწეული სამუშაო, როგორც დაცვის ფაზაში ასევე ცენტრფორვარდის პოზიციაზე (პივოტად) შეუფასებელი იყო. პირველი გოლის დროს მან შესანიშნავი ასისტენტობა გაუწია ტალიაფიკოს, 64-ე წუთზეკი გოლის გატანაც შეეძლო, მაგრამ ფრთიდან ჩაწოდებულ ბურთს მეკარის ბაქნიდან ზუსტი მიმართულება ვერ მისცა და მარცხენა ძელს ორიოდ სანტიმეტრით ააცილა. ბოლოს კი ბურთი დაკარგა, რომელიც რუმინელებმა წამოიღეს და ანგარიში გაათანაბრეს’’.

Flashscore-მა ქართველ თავდამსხმელს 7.1 დაუწერა, sofascore-მა 7.4, ხოლო whoscored-მა 7.2.

ამ შეხვედრის წინ „ლიონის’’ მწვრთნელმა პაულუ ფონსეკამ შეიტყო, რომ ის ლიგა 1-ის ბოლო ტურში მომხდარი ინციდენტის გამო საფრანგეთში ცხრათვიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს. ამის გათვალისწინებით შეიძლება ითქვას, რომ პორტუგალიელს რუმინეთის დედაქალაქში დიდებული საღამო ჰქონდა.

„პირველი გოლი ძალიან ემოციური გამოდგა. ამიტომაც აღვნიშნე ასე ემოციურად მოთამაშეებთან ერთად. დიდებულია როდესაც იცი, რომ ფეხბურთელები და მთელი კლუბი მხარში გიდგანან. რაც შეეხება დისკვალიფიკაციას, ახლა უფრო დავმშვიდდი. ახლობლები გვერდში მყვანან. მე არ დავნებდები. აპელაციის შესაძლებლობა მაქვს. ერთ რამეს ვიტყვი: ცხრათვიანი დისკვალიფიკაცია მომცეს იმ საქციელისთვის, რომლის გამოც ბოდიში მოვიხადე. ვხედავ, რომ მედიაში გრძელდება ცირკი. ამტკიცებენ თითქოს მე მსაჯს თავს დავესხი, მაგრამ არსებობს ჩანაწერი. მე მას არ შევხებივარ. ასეთი რამ გულშიც არ გამივლია. მე მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მივაყენე. ხალხი, რომელმაც ცხრათვიანი დისკვალიფიკაცია მომისაჯა ფრანგულ ფეხბურთში შექმნილ მდგომარეობაზე ზოგადად ფიქრობს, მე კი ამისთვის საფასური უნდა გავიღო. კარგად ვხედავ რაც ხდება საფრანგეთში და ვიცი, რომ ერთსა და იმავე დანაშაელზე ხშირად სასჯელი სხვადასხვანაირია, რაც უსამართლობაა. ახლა როგორ უნდა გავაგრძელო მუშაობა? ჩვენ რამდენიმე გამოსავალი მოვძებნეთ.  ყველაფერზე მნიშვნელოვანი მაინც კვირის განმავლობაში მუშაობაა. თამაშების დროს კი ფეხბურთელებმა თავად იციან რა უნდა გააკეთონ. გარდა ამისა მე მყავს ტექნიკური გუნდი, რომელსაც სრულიად ვენდობი. ჩვენ ყველაფრისთვის მზად ვართ’’.