Paris Saint-Germain's Achraf Hakimi controls the ball while Liverpool's Mohamed Salah watches closely during the UEFA Champions League Round of 16...არ ცხრება „პარი სენ ჟერმენისა’’ და „ლივერპულის’’ შეხვედრის გამოხმაურება. მოგეხსენებათ, პარიზელებმა „პარკ დე პრენსზე’’ უზარმაზარი უპირატესობის მიუხედავად ინგლისურ გუნდთან 0:1 წააგეს. ეს იყო ჩემპიონთა ლიგის პირველი მერვედფინალური შეხვედრა, რომლის შესახებაც წარსულში ცნობილმა ფრანგმა ფეხბურთელმა, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა ემანუელ პეტიმ ასე თქვა: „პარიზელებმა „ლივერპული’’ ძლიერად შეაქანეს. ამ სეზონში მე ასეთი რამ არ მინახავს. თქვენ კიდევ არ იცით რა კარგად ითამაშა პსჟ-მ. მე პრემიერლიგაში „ლივერპულის’’ შეხვედრებს ყოველკვირა ვუყურებ და მომხდარს სრულად ვაფასებ. ალისონს ჩვეულებრივი დღე რომ ჰქონოდა, მერსისაიდელების კარში ოთხი გოლი გავიდოდა. მართალია სტუმრები თავს კოლექტიურად კარგად იცავდნენ, მაგრამ ამის უკან კიდევ რაღაც X ფაქტორი იყო და ის მოქმედებდა’’.

პსჟ-მ „ლივერპულის’’ კარში 27-ჯერ დაარტყა, „ლივერპულმა’’ კი პსჟ-ს კარში მხოლოდ 2-ჯერ. ბურთის ფლობაში სხვაობა იყო 70/30.

რადიო RMC-ს მიმომხილველმა დანიელ რიოლომ კი პარიზელთა მარცხში მათი იტალიელი მეკარე ჯანლუიჯი დონარუმა დაადანაშაულა. მან თქვა: „ერთადერთი, ვინც საიმედო არ იყო დონარუმა გხლდათ. მას კარში დაურტყეს, მისი ხელი კი კარაქივით დარბილდა. ალისონს ქვის მთლელის ხელი ჰქონდა, ამას კი მებაღის. არადა ჩემპიონთა ლიგის მატჩებში ბანალური ფორმულა არსებობს: იმარჯვებს ის, ვინც თავს უკეთ იცავს’’.

პსჟ-ს ვეტერანი მცველი ჯიმი ალჯერინო: „შეხვედრის ანგარიში იყო 0:1 ალისონის სასარგებლოდ. წარმოუდგენელი დარტყმების მოგერიების გარდა მან „წითლების’’ გოლიც წამოიწყო… ამ დღეს ყველაფერი მის ფერხთ იყო, თუმცა მისი მოგერიებულების გარდა იყო ეპიზოდები, როდესაც ჟოაო ნევეშმა და ბრედლი ბარკოლამ ვერ ისარგებლეს ხელსაყრელი მომენტებით. როდესაც მეტოქეს ასე ჩაგრავ და გოლი ვერ გაგაქვს, ძალიან საწყენია’’.

საპასუხო შეხვედრის წინ „პარი სენ ჟერმენის’’ შანსი მეოთხედფინალში გასასვლელად ცხადია შემცირდა. თუკი პირველ მატჩამდე Football Meets Data მას 42%-ით აფასებდა, ახლა ის 16% უდრის.