გასულ უქმეებზე ქართველი ლეგიონერები საფრანგეთის მთავარ სარაგბო ლიგებში არასრული შემადგენლობით იყვნენ წარმოდგენილნი, რადგან მათი გარკვეული ნაწილი თბილისში რუმინეთს ამარცხებდა. ჰოდა, საფრანგეთში ძირითადად ან ძველი ბორჯღალოსნები დარჩნენ, ან მომავალი.

ინდივიდუალურად თავი მხოლოდ ერთმა ჩვენებურმა გამოიჩინა – „ორიაკის“ ახალგაზრდა კვაჭმა ბასა ხონელიძემ. თუმცა, სჯობს ამბებს თანმიმდევრობით მივყვეთ.

ტოპ 14

ლიგის ლიდერად „ტულუზი“ დარჩა, რომელმაც ბოლო ადგილზე დაბრუნებული „ვანი“ 63:21 გაანადგურა.

„ტულონმა“ კი საუცხოოდ ათამაშებულ „ლიონთან“ სტუმრად 20:27 წააგო და მეორე საფეხურიდან მესამეზე ჩამოჩოჩდა. ტულონელთა სასტარტო შემადგენლობაში ბექა გიგაშვილი იყო, ვინც 66-ე წუთზე დავით მჭედლიძემ ჩაანაცვლა.

მეხუთე საპლეიოფო ადგილზე „კასტრია“, რომელმაც ქართული პირველი ხაზის გარეშე დარჩენილ „მონპელიესთან“ მცირე სხვაობით, 17:21 წააგო და ბონუსიც მიიღო. კასტრელთა შორის 47-ე წუთზე ლევან ჩილაჩავა გამოჩნდა, რომელმაც ტოპ 14-ში 193-ე მატჩი ჩაატარა და მოქმედ ქართველ მორაგბეთა შორის ლიდერობასაც მყარად ინარჩუნებს.

რაკი ციფრებზე მიდგა საქმე, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ „რასინგ-92“-ის ბურჯ გია ხარაიშვილის მიღწევა. „რინომ“ („მარტორქამ“) 50-ე მატჩი ჩაატარა ევროპის უძლიერეს ლიგაში. შეგახსენებთ, რომ ერთი კვირის წინ მისმა პარტნიორმა გურამ გოგიჩაშვილმა მე-100 მატჩი იზეიმა. რაც შეეხება საანგარიშო მატჩს, „რასინგმა“ შინ „პოსთან“ 29:47 წააგო, არადა ვიდრე სასტარტოში მყოფი ქართული წყვილი შეიცვლებოდა, მათი პარიზული გუნდი 17:13 იგებდა და სტუმარმა ბასკებმა დარჩენილ ნახევარ საათში გაილაღეს, ანუ იმ მომენტიდან, როცა მათ შემადგენლობაში გურამ პაპიძე გამოჩნდა. ეს რა თქმა უნდა, დამთხვევაა, რადგან რაგბი არაა ის თამაში, სადაც ერთი ან თუნდაც ორი კაცი სიტუაციის შეცვლას ახერხებდეს.

პრო დ2

მიმოხილვის შესავალში ბასა ხონელიძე ვახსენეთ და მისი ლელო ცალკე აღწერას იმსახურებს. 48-ე წუთზე, როცა ორიაკელთა შერკინებაში 3 ქართველი იდგა, სტუმრად მოთამაშე ეს გუნდი მაგრად მიაწვა მასპინძელ „ანგულემს“, შერკინებაში აშკარად დაჯაბნა ოპონენტი, მაგრამ ბურთი გარეთ გადმოვარდა, სადაც მას უკანახეზელები დაეუფლნენ, „ორიაკის“ მგეზავმა ხაზი გაჭრა, თუმცა მას ანგულემელები წამოეწივნენ და მანაც ბურთი პარალელურად მორბენალ ბასა ხონელიძეს გადასცა, 21 წლის ქართველი კვაჭი კი, ორი მბოჭავის წინააღმდეგობის მიუხედავად, ლელოში შეხტომა და ბურთის დამიწება მაინც მოახერხა. ეს იყო ბასას მესამე ლელო პრო დ2-ში გამართულ 21-ე მატჩში. რაც შეეხება „ორიაკს“, ქართველების გუნდმა 20:40 წააგო და მე-12 ადგილზე დარჩა.