ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ წყვილში, რომელიც „პარი სენ ჟერმენისა’’ და „ლივერპულისგან’’ შედგება, ფავორიტად ინგლისური გუნდი ითვლება. მიზეზი მარტივია: გარდა იმისა, რომ „წითლები’’ სადღეისოდ კარგ ფორმაში არიან, ისინი ისტორიაში ექვსჯერ ფლობდნენ თასს და კიდევ ოთხჯერ ფინალში იყვნენ. „პარი სენ ჟერმენმა’’ კი ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე მხოლოდ ერთხელ მიაღწია ― 2020 წელს „ბაიერნთან’’ წააგო 0:1.
ფრანგული პრესა წერს, რომ ლა მანშს გადაღმა ფრანგული ფეხბურთი პოპულარული არ არის. გულშემატკივრები „პარი სენ ჟერმენის’’ მოთამაშეებს არ იცნობენ. Canal+ – მა ლივერპულის ქუჩებში გამოკითხვა ჩაატარა. ფრანგული ტელეარხის ჟურნალისტი ფანებს ეკითხებოდა, რომელი პარიზელი ფეხბურთელი წარმოადგენს მათთვის ყველაზე დიდ საფრთხეს. კითხვაზე პასუხი მხოლოდ ერთმა მოახერხა და ისიც ასე:
„მგონი ის, რომელსაც ბროკოლი ჰქვია, არა?’’
თუმცა, ფრანგული მედია იმასაც წერს, რომ გულშემატკივრისგან განსხვავებით „ლივერპულის’’ ფეხბურთელები და მწვრთნელი მეტოქეს აგდებით არ უყურებენ. კაპიტანმა ვირჯილ ვან დაიკმა „ლივერპულ ექოსთვის’’ მიცემულ ინტერვიუში ასე თქვა: „ეს იქნება ძალიან კარგი მატჩი ფორმაში მყოფი გუნდის წინააღმდეგ. მათ „ბრესტთან’’ ჩემპიონთა ლიგის ბოლო შეხვედრაში მშვენივრად ითამაშეს. რასაკვირველია გაძნელდება, მაგრამ ჩვენ ხომ სწორედ ასეთ შეხვედრებში გვიყვარს მონაწილეობა და ამიტომაც ველით ამ დაპირისპირებას მოუთმენლად’’.
„ლივერპულის’’ მწვრთნელმა არნე სლოტმა კი გასულ კვირას თქვა: „მე ვნახე პსჟ „მანჩესტერ სიტისთან’’ და მისი თამაშის ხარისხმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ისინი ჩვენ გვგვანან’’.