გიორგი მიქაუტაძის „ლიონმა’’ პრინციპულ და ნერვიულ შეხვედრაში „ბრესტს’’ 2:1 მოიგო, მაგრამ მატჩის მთავარი ამბავი მოედანზე კი არა, მოედნის კიდესთან განვითარდა: „ლიონის’’ მწვრთნელმა პაულუ ფონსეკამ მსაჯ ბენუა მიიოს (გვარი Millot-ის ფრანგული გამოთქმა ქართული ასოებით ყველაზე ზუსტად ალბათ ასე გადმოიცემა) შუბლი შუბლზე მიადო და უყვირა, რის გამოც ახლა შეიძლება შვიდთვიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯოს. მატჩის დამთავრების შემდეგ პორტუგალიელმა სპეციალისტმა საჯაროდ ბოდიში მოიხადა. „ასეთი საქციელისთვის ბოდიშს ვიხდი. ასე არ უნდა მოვქცეულიყავი. ფეხბურთში… ხანდახან არასწორად ვიქცევით’’, – თქვა ფონსეკამ.
მიიოზე კი მომხდარმა ისე იმოქმედა, რომ „ეკიპის’’ კორესპონდენტთან საუბარში ეპიზოდი დაწვრილებით აღწერა: „ის გამძვინვარებული მომახტა, რის გამოც გადავწყვიტე დაუყოვნებლივ გამეძევებინა. კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იყო მისი მცდელობა დაერტყა ჩემთვის. მას ხომ გულის სიღრმეში სწორედ ეს უნდოდა. მე პასუხად მტკიცედ დავდექი, ნაწილობრივ იმიტომ, რომ ასეთ რამეს არ ველოდი, მაგრამ უფრო იმიტომ, რომ მივხვდი, დაშინების წინაშე ქედი არ უნდა მომედრიკა. შემდეგ ფეხბურთელები მოვარდნენ და მისი გარიდება სცადეს. დაცვაც მოვიდა. მგონი მისი პერსონალის წევრებიც მოცვივდნენ. რაღაც მომენტში მან უკან დაიხია, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ მეორედაც შემოეტია’’.
43 წლის მსაჯმა, რომელიც ლიგა 1-ის შეხვედრებს 2011 წლიდან უძღვება „ეკიპთან’’ ინტერვიუში ეპიზოდის აღწერა ასე განაგრძო: „უფრო ზუსტად თუ ვიტყვით, ცხვირით მსუბუქი კონტაქტიც იყო, მაგრამ მთავარი აგრესიული ქცევის გამაოგნებელი ეფექტი გახლდათ, რომელსაც პროფესიონალი მწვრთნელისგან ძნელად თუ ვინმე წარმოიდგენდა. მე შევეცადე მდგომარეობისთვის თავი გამეთმია, თუმცა ეს ძნელი იყო, რადგან მას შურისმაძიებლური დამოკიდებულება ჰქონდა’’.
ბენუა მიიომ ფონსეკას აგრესიას პროფესიული კუთხითაც შეხედა და თქვა, რომ თუკი მაღალი დონის მწვრთნელი თავს ასე მოქცევის უფლებას მისცემს, მაშინ სამოყვარულო ფეხბურთში უარესს უნდა ველოდოთ. სამოყვარულო ფეხბურთში ხომ მოედანი ტრიბუნებისგან კარგად არ არის დაცული. შეგახსენებთ, რომ დაახლოებით ერთი კვირის წინ ფრანგ მსაჯებს „მარსელის’’ თავკაცმა პაბლო ლონგორიამ კორუმპირებულები უწოდა, რის გამოც ის 6 თვით დასაჯეს. სხვა სიტყვებით, საფრანგეთში მსაჯებისადმი დამოკიდებულება გამწვავებულია. არბიტრები ღირსების დაცვას ცდილობენ. მოსალოდნელია, რომ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ფონსეკას სადისციპლინო კომიტეტი უფრო მკაცრად დასჯის ვიდრე, მაგალითად 2016 წელს „მონაკოს’’ მაროკოელი ფეხბურთელი ნაბირ დირარი ასეთივე საქციელისთვის (8 მატჩით) დასაჯა.
და ბოლოს, ფონსეკას განრისხება სრულიად გაუგებარი იყო, რადგან VAR-მა სადავო ეპიზოდში მისი გუნდის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო და „ბრესტს’’ პენალტი არ დაარტყმევინა. პორტუგალიელი წესით პირიქით, კმაყოფილი უნდა დარჩენილიყო.