Replica shirts of Lionel Messi and Neymar of FC Barcelona for sale in a souvenir shop on March 15, 2016 in Barcelona, Spain.კატალონიაში გიჟური კვირაა. რამდენიმე წყარომ ერთდროულად გამოაქვეყნა, რომ „ბარსელონაში’’ შეიძლება ნეიმარი და ლეო მესი დაბრუნდენენ. მოგეხსენებათ, ბრაზილიელი ექვსი თვით „სანტოსში’’ გადავიდა და ზაფხულში თავისუფლდება. თუ რამემ ხელი არ შეუშალა მომავალი სეზონიდან ის შეძლებს კვლავ მოირგოს იმ კლუბის მაისურა, რომელშიც კარიერის საუკეთესო წლები გაატარა. იმავდროულად, მესისთან დაახლოებულმა მავანმა არგენტინელმა ჟურნალისტმა დაწერა, რომ „ოქროს ბურთის’’ რვაგზის მფლობელს 2025 წლის ბოლოს „კამპ ნოუზე’’ დაბრუნების იდეა ძალიან მოეწონა. მართალია, ამ ცნობებს ხორშესხმამდე ჯერ კიდევ გრძელი გზა აქვთ გასავლელი, მაგრამ ბარსელონაში უკვე მომძლავრდა განწყობა, რომელსაც შეიძლება დავარქვათ „უკან მომავალში’’.

მესისა და ნეიმარის ესპანეთში დაბრუნების საკითხზე თავისი აზრი გამოთქვა ლა ლიგის ბოსმა ხავიერ ტებასმა.

„ვფიქრობ მესის „ბარსელონაში’’ დაბრუნება სურს. მეტიც, დარწმუნებული ვარ, რომ ის დაბრუნდება. შეიძლება ეს მოთამაშის რანგში მოხდეს, შეიძლება რაიმე სხვა პოზიცია დაიკავოს, მაგრამ ის და „ბარსა’’ გადაჯაჭვულები არიან. ლეოს ეს კლუბი მთელი გულით უყვარს, ― თქვა ტებასმა GiveMeSport-თან ინტერვიუში, მაგრამ დასძინა, ― ნეიმართან დაკავშირებით კი საქმე ცოტა სხვანაირადაა. ვითარება უფრო რთულია. არ მგონია ის ოდესმე დაბრუნდეს „ბარსელონაში’’. არ მგონია კი არა, დარწმუნებული ვარ, რომ არ დაბრუნდება’’.

ტებასი ცნობილია როგორც ადამიანი, რომელიც ხშირად წინ უსწრებს მოვლენებს და ისეთ რაღაცებს ამბობს, რასაც შემდეგ მითქმა-მოთქმა მოჰყვება ხოლმე.