ერიკ ტენ ჰაგმა თქვა, რომ შესაძლოა მწვრთნელის პროფესიას აღარასოდეს მიუბრუნდეს. მოგეხსენებათ, 55 წლის ჰოლანდიელი ოქტომბერში „მანჩესტერ იუნაიტედმა’’ მწვრთნელის თანამდებობიდან დაითხოვა. გუნდმა მის ხელში სეზონი ცუდად დაიწყო, დათხოვნის მომენტში კი მე-14 ადგილზე იყო. ერთი თვის მერე ტენ ჰაგის პოსტი, რომელიც 2022 წლიდან ეკავა, პორტუგალიელ რუბენ ამორიმს ერგო, მაგრამ ვერც მან მიაღწია უკეთეს შედეგს. „იუნაიტედი’’ ახლა კიდევ უფრო დაბლა, მე-15 ადგილზეა.
სამსახურიდან გაშვებული „აიაქსის’’ ყოფილი თავკაცი ჯერჯერობით ისვენებს და ამბობს, რომ არ გადაუწყვეტია, თუ რა საქმეს მოკიდებს მომავალში ხელს. ის მწვრთნელის კარიერის დასრულებასაც კი არ გამორიცხავს. არადა, მას ამსტერდამის ლეგენდარულ კლუბთან ერთად ნიდერლანდების ჩემპიონის ტიტული სამჯერ აქვს მოგებული, ქვეყნის თასი – ორჯერ, ხოლო ინგლისში „მანჩესტერ იუნაიტედს’’ კარაბაოს ანუ ლიგის თასი მოაპოვებინა.
ტენ ჰაგი, რომელიც „აიაქსამდე’’ „უტრეხტში’’ მუშაობდა ამბობს, რომ თუ საინტერესო პროექტს შესთავაზებენ, აუცილებლად განიხილავს, მაგრამ ოჯახთან წყნარად ყოფნა იმდენად მოეწონა, რომ ვინ იცის ძველი პროფესიისკენ აღარც კი გაიხედოს.
ტენ ჰაგის მამას ჰენის უძრავი ქონების სააგენტო ჰქონია და ბიზნესს წარმატებით უძღვება. მისი ძმები მიხელი და რიკო კი რამდენიმე ფინანსურ ფირმას ფლობენ.
„არ ვიცი როგორ წარიმართება ჩემი ცხოვრება, მაგრამ შევეცდები სწორი გადაწყვეტილება მივიღო. ვნახოთ, რას მოვერგები. ბევრ სხვა სფეროში შემიძლია ვცადო ბედი. თუ მაინცდამაინც ფეხბურთში დავრჩები, მაშინ იქნებ სხვა ტიპის მწვრთნელობას მოვსინჯო. ან იქნებ საერთოდ სხვა გზას ვეწიო. ბოლოხანს ჩემს ძმებთან ერთად ვმუშაობდი. ჩვენ ჩვენი კომპანია გვაქვს. უფრო სწორად, მათ აქვთ თავიიანთი კომპანია. კიდევ, მამასთან ერთად ვხელმძღვანელობთ ერთ ფირმას. ეს საქმეც მიყვარს. ახლა მას უფრო მეტ ყურადღებას მივაქცევ. ეს ძალიან სასიამოვნო სფეროა’’.