კვირას, 16 თებერვალს, ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში საქართველოს ბორჯღალოსნები ადგილობრივ ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდებიან. 15:45-ზე დაიწყება მატჩი, რომელსაც ერთადერთი პრაქტიკული დატვირთვა აქვს – თამაშის არწაგების შემთხვევაში საქართველოს ნაკრები „რაგბი ევროპის“ ჩემპიონატის ნახევარფინალს საკუთარ მოედანზე გამართავს.
არის კიდევ ერთი ნიუანსი, რომელსაც ასევე საკმაოდ დიდი მნიშვნელობა აქვს: მიმდინარე კვირის განმავლობაში საქართველო თავს იწონებს როგორც მსოფლიო რაგბის მე-11 ერი! ქართველებს ამისთვის თავი დიდად არც გამოუდვიათ, საქმე ისაა, რომ უელსმა 6 ერის ჩემპიონატში იტალიასთან წააგო და ისტორიაში პირველად დაქვეითდა მე-12 საფეხურზე და ასევე პირველად მოხდა, რომ „დრაკონები“ „მსოფლიო რაგბის“ რეიტინგში ბორჯღალოსნებზე ქვემოთ აღმოჩნდნენ. ჰოდა, ესპანეთთან წაბორძიკებას შეუძლია ქართველები კვლავ უელსელთა მდევრებად აქციოს.
მოტივაცია სახეზეა. სხვა საქმეა, რომ ესპანლმა „ლომებმა“ პროგრამა-მინიმუმი შეასრულეს – საქართველოს, პორტუგალიისა და რუმინეთის კვალდაკვალ მსოფლიოს 2027 წლის თასის საგზური მოიპოვეს. სხვამხრივ, მათ ძალიან გაუჭირდებათ ბორჯღალოსნებისთვის სერიოზული წინააღმდეგობის გაწევა, რადგან ბოლო წლებში ამ გუნდმა პროგრესი შეანელა, საერთოდ თუ არ შეუჩერა. ურთიერთშეხვედრებში ქართველთა უპირატესობა უდიდესია – 25 მატჩში 21 გამარჯვება, 1 ფრე და 3 მარცხი, რომელთაგან უკანასკნელი 2012 წელს დაფიქსირდა. მას შემდეგ საქართველომ ყველა შეხვედა მოიგო, მათ შორის ერთ-ერთი სარეკორდო ანგარიშით – 60:0.
რაც შეეხება ქართველთა შემადგენლობას, რიჩარდ კოკერილს საგრძნობი საკადრო პრობლემები ჰქონია. ბექა გორგაძემ წითელი ბარათისთვის სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო, კაპიტანმა ბექა საღინაძემ წინა მატჩი ტრავმის გამო ვერ დაასრულა, იგივე დაემართა ლუკა მატკავასა და თორნიკე ჯალაღონიასაც, დაშავდა გარემარბი ამირან შვანგირაძეც. ამ უკანასკნელს შალვა აფციაური შეცვლის, მესამე ხაზი კი სრულად განახლდა – სასტარტოში სპანდერაშვილი, ცუცქირიძე და ივანიშვილი იქნებიან, მარქაფაში – ბექა შვანგირაძე.
რაც შეეხება კაპიტნობას, ეს ტვირთი დავით ნინიაშვილს დაეკისრა, ვინც საქართველოს ნაკრების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა კაპიტანი გახდება, თანაც ითამაშებს თავისთვის უჩვეულო – მგეზავის პოზიციაზე, რომელზედაც იძულებითი დებიუტი გასულ ტურში, ნიდერლანდების ნაკრებთან ჰქონდა, როცა ტრავმირებულმა მატკავამ თამაში ვეღარ გააგრძელა. წარმატებები „ნინის“ ორ ახალ ამპლუაში!
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ესპანეთთან მატჩში
- ნიკა აბულაძე (მონპელიე, 18, 0), 2. ვანო კარკაძე (მონპელიე, 20, 25), 3. ლუკა ჯაფარიძე (მონპელიე, 11, 10), 4. მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი, 15, 20), 5. ვლადიმერ ჩაჩანიძე (შავი ლომი, 23, 5), 6. ილია სპანდერაშვილი (ვალანს რომანი, 12, 15), 7. გიორგი ცუცქირიძე (შავი ლომი, 41, 30), 8. ლუკა ივანიშვილი (შავი ლომი, 19, 20), 9. ვასილ ლობჟანიძე (ოიონაქსი, 91, 88), 10. დავით ნინიაშვილი (ლიონი, კაპიტანი, 37, 88), 11. შალვა აფციაური (შავი ლომი, 1, 10), 12. თორნიკე კახოიძე (შავი ლომი, 10, 10), 13. გიორგი კვესელაძე (გრენობლი, 65, 45), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი, 48, 220), 15. დაჩი პაპუნაშვილი (ორიაკი, 2, 0,).
მარქაფა: 16. ირაკლი ქვათაძე (შავი ლომი, 2, 0), 17. გიორგი მამაიაშვილი (გრენობლი, 8, 10), 18. ირაკლი აფციაური (ლიონი, 15, 0), 19. გიორგი ჯავახია (გრენობლი, 19, 15), 20. ბექა შვანგირაძე (ლიონი, 4, 5), 21. გელა აფრასიძე (პერპინიანი, 57, 45,) 22. ლუკა ცირეკიძე (შავი ლომი, 1, 0), 23. დემურ თაფლაძე (შავი ლომი, 41, 20).