ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს, საღამოს, „მარსელმა’’ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ „მილანიდან’’ 1 მილიონ დოლარად იჯარით ისმაელ ბენასერი დაიმატა. კონტრაქტში ჩაიწერა, რომ სეზონის ბოლოს ფრანგულ კლუბს ჩამშლელი ნახევარმცველის 12 მილიონ ევროდ გამოსყიდვის უპირატესობა ექნება. გათვალისწინებულია 3 მილიონიანი ბონუსიც. ბენასერი 27 წლისაა. მან 18 და 19-წლამდელებში საფრანგეთის ნაკრებში ითამაშა, თუმცა ეროვნულ გუნდად ისტორიული სამშობლოს ალჟირის ნაკრები აირჩია და მის შემადგენლობაში 50 შეხვედრა აქვს ჩატარებული.
ფეხბურთელი საფრანგეთის ქალაქ არლშია დაბადებულ-გაზრდილი. როგორც თავად ამობს, „მარსელში’’ გადასვლა ჯერ კიდევ 2015 წელს შეეძლო.
„არლში 16 წლისა რეზერვში ვთამაშობდი. ტრავმიანი პერიოდი მქონდა, მაგრამ მთავარი გუნდის მწვრთნელის ასისტენტმა შემამჩნია და ამხანაგურ მატჩში მათამაშა. როდესაც ახალგაზრდას ამხანაგურ მატჩში ათამაშებენ, ყურადღება უნდა მიიპყროს. სწორედ ასე მოვიქეცი. შემდეგ, საფრანგეთის თასზეც მათამაშეს და… დამტოვეს. მაშინ „მარსელს’’ მარსელო ბიელსა წვრთნიდა და ჩემი გადაბირება მოუნდა. მარსელში უნდოდათ, რომ მე დიდი პროექტის ნაწილი ვყოფილიყავი, მაგრამ „არსენალში’’ გადავედი, სადაც სწავლა უნდა დამესრულებინა’’, – თქვა ბენასერმა პრეს-კონფერენციაზე.
„გუშინდელი დღე ემოციებით იყო სავსე იყო, – დასძინა მან, – ემოცია ჭარბადაც კი იყო. „მარსელი’’ დიდი მენტალიტეტის მქონე კლუბია. აქ გულშემატკივრები წარმატებებისკენ გიბიძგებენ. მათ ეს მაჩვენეს და მე ამას პატივს ვცემ. ბავშვობიდან „მარსელის’’ გულშემატკივარი ვიყავი. მარსელის სიახლოვეს დაბადებული კაცი სხვანაირად ვერც იქნები. აქ ძალიან საინტერესო პროექტი აქვთ, რომლის შემჩნევა ძნელი არ არის. გნებავთ მენეჯმენტს დააკვირდით და გნებავთ იმას, რაც მოედანზე ხდება. ყველაფერი დაგეგმილია. ამაზე ბევრი ვიფიქრე. „მარსელში’’ გადმოსვლა ყოველთვის გუნებაში მქონდა’’.