Khvicha KVARATSKHELIA of Paris Saint Germain during the French Cup match between Le Mans and Paris Saint-Germain at Stade Marie-Marvingt on February...ხვიჩა კვარაცხელიას პირველი პარიზული გოლის ლოდინი უფრო დიდხანს გვიწევს, ვიდრე ველოდითო, წერს „პარიზიენი’’ და შეგვახსენებს, რომ ლუის ენრიკემ ქართველი გარემარბი უკვე მესამედ ათამაშა სასტარტო შემადგენლობაში, ის კი დუმს. წუხელ ეს საფრანგეთის თასის მერვედფინალში, სტუმრად „ლე მანთან’’ მოხდა. „პარიზიენი’’ აქვე დასძენს, რომ ამ შეხვედრაში ხვიჩას დიდად ვერც თანაგუნდელებმა შეუწყეს ხელი.

გაზეთი იხსენებს 25 იანვარს და კვარაცხელიას დებიუტს „რეიმსის’’ წინააღმდეგ, რასაც წინ „ნაპოლიდან’’ მისი 70-მილიონიანი ტრანსფერი უძღოდა. პარიზულ პრესას არც იმის აღნიშვნა ავიწყდება, რომ ქართველი ერთი თვის უთამაშებელი იყო და ამის მიუხედავად ოსმან დემბელეს საგოლე პასი მიაწოდა, რაც მაშინ იმედისმომცემი გახლდათ.

„ფორმის აღსადგენად ბევრ მუშაობას ვაპირებ’’, – თქვა „რეიმსთან’’ შეხვედრის შემდეგ ფეხბურთელმა, რომელიც გრძნობდა, რომ ფიზიკურად ჯერ კიდევ არ იყო პიკზე. ლე მანში კი კვარა ამ მხრივ უკეთ იყო მომზადებული, მარცხენა ფრთიდან რამდენიმე გარღვევა შეასრულა, ლუკა ერნანდესთან და სენი მაიულუსთან კომბინაციებს ათამაშებდა, მაგრამ მოწინააღმდეგის საჯარიმოსთან უჭირდა.

„პარიზიენი’’ იხსენებს მის ზუსტ, მაგრამ ლე კანგ-ინისთვის ზედმეტად ძლიერ პასს, რომელიც 35-ე წუთზე ვიხილეთ: სამხრეთ კორეელმა ბურთი ვერ დაიმორჩილა. კვარამ ნამდვილად ერთადერთხელ 27-ე წუთზე დაარტყაო, ჩივის გაზეთი. მანამდე, მე-20 წუთზე, მან მაილულუს პასი ვერ მიაწოდა, რის გამოც მასპინძლებმა კონტრშეტევა წამოიწყეს და პარიზელების კართან აღმოჩნდნენ.

„პარიზიენს’’ მეორე ტაიმში კვარაცხელიას მიერ 67-ე და 69-ე წუთებზე დაშვებული შეცდომები არ მოეწონა, თუმცა 73-ე წუთზე ქართველმა აშრაფ ჰაკიმი გაიყვანა მეკარესთან პირისპირ. ჰაკიმს გოლკიპერმა არ გაატანინა.

„კვარაცხელიას მორიგი მოკრძალებული თამაშის შემდეგ ძნელი დასაჯერებელია, რომ ლუის ენრიკე მის გამო თავის იერარქიას შეცვლის. პარიზელთა შეტევის ლიდერები ბოლო კვირების განმავლობაში ხომ კარგ ფორმაში არიან. უსმან დემბელემ წინა ორ თამაშში ჰეთ-თრიქი შეასრულა, სამშაბათ საღამოს კი თბილი ქურთუკით სკამზე იჯდა, თუმცა ფაქტია, რომ ის შეუცვლელია’’, – წერს გაზეთი და განაგრძობს, – მართალია ბრედლი ბარკოლა გასული წლის ბოლოს ცოტა მიბლაგვდა, მაგრამ ახლა კვლავ ეფექტური გახდა. ის ჩემპიონთა ლიგის ორ შეხვედრაში, „მანჩესტერ სიტისა’’ და „შტუტგარტთან’’ ბრწყინავდა, ლე მანში კი მან მოედანზე შესვლიდან სამ წუთში გოლი გაიტანა. მანამდე გოლი შეაგდო 19 წლის დეზირე დუემ, რომელიც ასევე კარგ ფორმაშია’’.

„მისი მომდევნო ნაბიჯი ყოველთვის ამოუცნობია, ის ერთი ერთზე ძლიერია და მოწინააღმდეგეებს იოლად სცდება’’, – თქვა „პარიზიენთან’’ ინტერვიუში ცნობილმა ფრანგმა თავდამსხმელმა ოლივიე ჟირუმ, თუმცა გაზეთი წერს, რომ ქართველი ჯერჯერობით მის შესახებ შექმილ შთაბეჭდილებას ვერ ამართლებს.

„მეორე მხრივ, კლუბში ყველამ იცის, რომ ლუის ენრიკეს’’ ტაქტიკურ მოთხოვნებთან ადაპტაციისთვის მას რამდენიმე კვირა დასჭირდება’’ – წერს ბოლოს „პარიზიენი’’.

რაც შეეხება სხვა პორტალთა ტრადიციულ შეფასებებს, flashscore-მა კვარაცხელიას 7.4 დაუწერა, sofascore-მა კი მისი თამაში 8.1 ქულით შეაფასა და ქართველი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა.