ნოა ოკაფორმა „ნაპოლიში” კვარაცხელია უნდა შეცვალოს

ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილი გუნდისთვის „ნაპოლისთვის’’ ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა ხუთი შენაძენით და არაერთი ფეხბურთელის გაყიდვით დასრულდა. ყველაზე მსხვილი ოპერაცია რასაკვირველია ქართველი გარემარბის „პარი სენ ჟერმენში’’ 70 მილიონ ევროდ გაშვება იყო.

„ნაპოლიმ’’ „მილანისგან’’ 15 მილიონ ევროდ იყიდა შვეიცარიელი მარცხენა გარემარბი ნოა ოკაფორი, 1 მილიონად „ლეჩესგან’’ შეიძინა ცენტრალური ნახევარმცველი ლუის სორა, „კალიარისგან’’ 2 მილიონად გადაიბირა მეკარე სიმონე შუფეტი და „ბორნმუთისგან’’ 14 მილიონად იყიდა დანიელი ცენტრალური ნახევარმცველი ფილიპ ბილინგი. არის კიდევ ერთი ახალწვეული, ხორვატი ნახევარმცველი, 18 წლის ივან ანიჩი, რომელსაც სავარაუდოდ დიდ გუნდში თამაში არ მოუწევს. ნეაპოლელებმა მას „რუდესში’’ მიაგნეს.

რაც შეეხება გაშვებულებს, კვარაცხელიას გარდა „მარადონადან’’ წავიდნენ მარიო რუი (თავისუფალი აგენტი), მაიკლ ფოლორუნშო (1 მილიონიანი იჯარით „ფიორენტინაში’’ გადავიდა), „ალესიო ძერბინი (იჯარით „ვენეციაში’’ გადავიდა) და მეკარე ელია კაპრილე (იჯარით „კალიარიში’’ გადავიდა).