გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ’’ „სელტას’’ უმასპინძლა და 2:1 მოუგო. 22 ტურის შემდეგ „ღამურებს’’ 19 ქულა აქვთ. ისინი ბოლოსწინა ადგილზე არიან. ერთი პოზიციით ზემოთ მყოფ „ალავესს’’ „ვალენსია’’ 2 ქულით ჩამორჩება.
კარლოს კორბერანის გუნდმა წინა შეხვედრა ბარსელონაში 1:7 წააგო. ასეთი ფიასკოს შემდეგ გუნდმა ვიგოელებთან თამაში ფრთხილად დაიწყო, მაგრამ 44-ე წუთზე ლუის რიოხას დარტყმით ანგარიში გახსნა. 65-ე წუთზე სტუმართა გუნდის თავდამსხმელმა პაბლო დურანმა რიოხას გოლი გაქვითა, მაგრამ 68-ეზე ხავი გერამ გამარჯვებისა შეაგდო.
ქართველ მეკარეს ამ შეხვედრაში დიდი ჯაფა არ დადგომია. თვალშისაცემი იყო, რომ მას თანაგუნდელები ადრინდელზე უფრო ხშირად უგორებდნენ ბურთს და ისიც წინ დარტყმით ანეიტრალებდა მეტოქის მაღალ პრესინგს. Flashscore-მა მამარდაშვილს 6.4 ქულა დაუწერა, whoscored-მა 6.2, ხოლო sofascore-მა 6.7.
საინტერესო იყო AS-ის შეფასება. გავლენიანმა ესპანურმა სპორტულმა გაზეთმა დაწერა: „სევილიაში დაშვებული შეცდომის შემდეგ, შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ ის საკუთარ თავში აღარ იყო დარწმუნებული. დარტყმებს, რომელთაც ადრე იჭერდა, ახლა გვერდზე იგერიებს. რაც შეეხება „სელტას’’ გოლს, მართალია ეს იყო მეკარესთან პირისპირ შესვლა, მაგრამ მან გამოვარდნით თავი მაინცდამაინც ვერ გამოიჩინა’’.