საბა გოგლიჩიძის „ემპოლი’’ ტურინში „იუვენტუსთან’’ 61-ე წუთამდე 1:0-ს იგებდა, მაგრამ ბოლო ნახევარ საათში ოთხი გოლი გაუშვა. სამწუხაროდ, სტუმრებმა გოლების გაშვება მას მერე დაიწყეს, რაც მოედანზე ნაცვლად ქართველი მცველი შევიდა. საბას უჩვეულო პოზიციაზე მოუწია თამაშმა – დაშავებული შუა მცველის, ადრიან ისმაილის შეცვლა მოუხდა, თუმცა გავრცელებული აზრით მისი ხელმოცარვა უცხო ამპლუით კი არა, სატრანსფერო ისტორიებით იყო განპირობებული. ამბობენ, რომ გოგლიჩიძეს „რომა’’ ყიდულობს — გარიგება გულსიხმობს 1 მილიონიან კრედიტს იმ პირობით, რომ რომაელებს ფეხბურთელის გამოსყიდვის ფორმალური ვალდებულება ექნებათ. მანადმე გოგლიჩიძის მიმართ ინტერესს „მილანი’’ და „იუვენტუსიც’’ ამჟღავნებდნენ. აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ „ჯალოროსის’’ თავკაცმა კლაუდიო რანიერიმ „ნაპოლისთან’’ ფრედ (1:1) დასრულებული მატჩის შემდგომ პრეს-კონფერენციაზე გოგლიჩიძის ყიდვასთან დაკავშირებული ხმები უარყო.
ტურინში მარცხის შემდეგ „ემპოლის’’ თავკაცმა რობერტო დ’ავერსამ კითხვაზე, თუ რატომ არ ათამაშა გოგლიჩიძე სასტარტო შემადგენლობაში ასე უპასუხა: „ეს კითხვა სხვა ადამიანებს უნდა დაუსვათ (სავარაუდოდ, კლუბის ხელმძღვანელებს). მე ის ფეხბურთელები ვათამაშე, რომლებიც საკუთარ თავში დარწმუნებულები იყვნენ. გოგლიჩიძეს კვირის განმავლობაში პრობლემები ჰქონდა (სავარაუდოდ, ტრანსფერზე ფიქრობდა), თუმცა როდესაც მოედანზე შედიხარ შენი წვლილი მაინც უნდა შეიტანო. მე ბაზრის შესახებ არ ვლაპარაკობ. კლუბმა თავისი სირთულეების ამბავი თვითონ იცის. მე შემიძლია ვიფიქრო ჩემს განკარგულებაში მყოფ ბიჭებზე. მინდა ამ ბიჭებს დავეხმარო და დასახული მიზნის მისაღწევად ჩვენი ტექნიკური პროექტი გავაგრძელო’’.
იტალიაში სატრანსფერო ბაზარი ხვალ, 4 თებერვალს იხურება.
calciomercato — 4.0 რასაკვირველია, როცა სხვაგან მიდიხარ, ასეა.
pianetaempoli — 4.5 გასაკვირი იყო, რომ გოგლიჩიძე სასტარტო შემადგენლობაში არ შეიყვანეს. შემდეგ მან ისმაილი შეცვალა, მაგრამ მატჩისადმი საშინელი მიდგომა გამოავლინა. იმაში, რომ „იუვემ’’ ანგარიში გაათანაბრა, მისი პასუხისმგებლობა დიდი იყო. ამ მომენტის მერე შეხვედრა ვეღარ შემოტრიალდა.
eurosport — 4.5 მან სიგიჟე ჩაიდინა და მოედანზე შესვლიდან რამდენიმე წამში კოლო მუანის გოლი აჩუქა. ტოსკანელები ამ შეცდომის შემდეგ ასეც ვერ მოეგენ გონს.
Flashscore-მა საბა გოგლიჩიძეს 6.2 დაუწერა, whoscored-მა 5.2, ხოლო sofascore-მა 5.5.