არა და არ ნელდება ხვიჩა კვარაცხელიასადმი ინტერესი ნეაპოლში. დღეს ქართველი გარემარბის ყოფილ გუნდს სტუმრად „რომასთან’’ აქვს მნიშვნელოვანი მატჩი, მაგრამ ადგილობრივი საიტები მაინც პოულობენ დროს რათა მკითხველს ამცნონ, რომ კვარას „ბრესტისა’’ და „პარი სენ ჟერმენის’’ შეხვედრაში დიდებულად არ უთამაშია. ყველა ნეაპოლური პორტალის მიმოხილვას არ ვაპირებთ, მაგრამ ზოგის ნაწერს გაგაცნობთ.
calcionapoli24 წერს, რომ ხვიჩამ მოედანზე მხოლოდ 58 წუთი დაჰყო და ის იყო პირველი ფეხბურთელი, რომელიც „ბრესტთან’’ შეხვედრაში ლუის ენრიკემ მოედნიდან გაიყვანა. საიტი წერს, რომ ამას წინ, შეხვედრის დასაწყისში, ქართველის უხეში შეცდომა უძღოდა, როდესაც მან დაუცველ კარში ბურთი ვერ გაიტანა.
areanapoli-ს აზრით კვარაცხელიამ იმედი გააცრუა, მას არ ჰქონდა ფასეული იდეები და იმდენად ვერ ივარგა, რომ ლუის ენრიკემ 58-ე წუთზე შეცვალა კიდეც. მან მოედანი გაწბილებული გამომეტყველებით დატოვაო, წერს ნეაპოლური პორტალი და დასძენს, თანაგუნდელები, ბარკოლა და დემბელე ქართველს აშკარად სჯობიან.
ilnapolista-ს ხაზს უსვამს, რომ „ბრესტს’’ პსჟ-მ ხუთი გოლი გაუტანა და კვარაცხელიას ხელი ერთ მათგანშიც არ ერია. საიტმა მოიძია ფრანგული „ეკიპის’’ ციტატა: „ხვიჩა კვარაცხელია მეორედ იყო სასტარტო შემადგენლობაში. მან აშრაფ ჰაკიმის პასით დაუჯერებელი მომენტი გაუშვა ხელიდან’’.
ზემოხსენებულ calcionapoli24-ს ქართველი ფეხბურთელის სტატისტიკაც მოჰყავს: წუთები – 58; მოსალოდნელი გოლების რეიტინგი – 0.37; საგოლე პასების რეიტინგი – 0.02; კარში დარტყმა – 1; დაბლოკილი დარტყმა – 0; დრიბლინგის მცდელობა – 2; წარმატებული დრიბლინგი – 0; ბურთთან შეხება – 44; პასი – 26; ზუსტი პასი – 22; ხელიდან გაშვებული დიდი შანსი – 2; შექმნილი დიდი შანსი – 1; ორთაბრძოლა მინდორზე – 7; წარმატებული ორთაბრძოლა მინდორზე – 3; საჰაერო ორთაბრძოლა -2; წარმატებული საჰაერო ორთაბრძოლა – 1; ბურთის დაკარგვა – 14; დაჯარიმდა- 1; მის წინააღმდეგ დაჯარიმდნენ – 2;