Brendan CHARDONNET of Brest, Khvicha KVARATSKHELIA of PSG during the Ligue 1 McDonald's match between Brest and Paris at Stade Francis-Le Ble on...„ბრესტსა’’ და „პარი სენ ჟერმენს’’ შორის გამართული გოლებით უხვი სპექტაკლის ბოლოს ტაბლოზე პარიზელ სტუმართა სასარგებლო ანგარიში 5:2 ეწერა. ხვიჩა კვარაცხელიამ 58 წუთი ითამაშა. შეხვედრის დასაწყისში ერთი ეფექტური პასი შეასრულა და მეტად ხელსაყრელი მომენტიდან გოლი ვერ გაიტანა. Flashscore-მა ქართველს 6.6 ქულა დაუწერა, whoscored-მა – 6.3, ხოლო sofascore-მა 6.0.

მატჩის გმირი კი გახდა ოსმან დემბელე, რომელმაც ჰეთ-თრიკი შეასრულა. შეგახსენებთ, რომ იგივე გუნდები მალე ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.

დემბელესთვის ეს ზედიზედ მეორე ჰეთ-თრიკია. წინა შეხვედრაში მან „შტუტგარტსაც’’ სამი გოლი შეუგდო.

ფრანგულ პრესაში ხაზს უსვამენ, რომ ლუის ენრიკემ ჩემპიონთა ლიგის მატჩის შემდეგ შემადგენლობა კი არ დაასვენა, არამედ ყველას აჩვენა, რომ დაღლას არ ეპუება. პსჟ-ს შეტევაში კვარაცხელია, დემბელე და ბრედლი ბარკოლა განლაგდნენ. საინტერესო იყო, თუ როგორ ცვლიდა ეს სამეული პოზიციებს. კარგად ითამაშა მეკარე ჯანლუიჯი დონარუმამ. თამაში ნეიტრალური მაყურებლისთვის სასეირო გამოდგა.

„ოსმან დემბელე დამშვიდებულია, ნეტავ ფსიქოლოგი ხომ არ აიყვანა? ჩვენ დიდი ევოლუციის მომსწრენი ვართ და თავდამსხმელის ეფექტურობის წინაპირობა ალბათ სწორედ ეს არის. ამ ბიჭმა ინსტინქტურად უნდა ითამაშოს, საკუთარი თვისებები აკონტროლოს. ხანდახან მას თრგუნავს იმის გააზრება, თუ რას ითხოვენ მისგან, დღეს კი დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ის ამ კუთხით გაიზარდა’’, – თქვა მატჩის შემდეგ „ეკიპის’’ კონსულტანტმა, პსჟ-ს ყოფილმა კაპიტანმა ერიკ რაბესანდრატანამ.

20 ტურის შემდეგ „პარი სენ ჟერმენი’’ ლიგა 1-ის ცხრილში 50 ქულით დამაჯერებლად ლიდერობს. მისი მდევარი „მარსელი’’ დღეს „ლიონს’’ მასპინძლობს, მაგრამ რომც მოიგოს, სხვაობა მაინც 10 ქულა იქნება.

შემდეგი თამაში პარიზელებს 4 თებერვალს საფრანგეთის თასზე სტუმრად აქვთ „ლე მანთან’’.