NBA-ში მორიგი ტურის მატჩები გაიმართა და მოედანზე ორივე ქართველი ვიხილეთ.
„ორლანდო მეჯიქმა“ ისევ წააგო – გოგა ბითაძის გუნდი ამჯერად „იუტა ჯაზთან“ (99:113) დამარცხდა. ჩვენებური სასტარტოში თამაშს კი აგრძელებს, მაგრამ პაოლო ბანკეროსა და ფრანც ვაგნერის დაბრუნების შემდეგ დროც ცოტა ეძლევა და კომბინაციებიც ზემოთ ნახსენებ კალათბურთელებზეა გათვლილი. ეს კი ორლანდოელებზე მაინცდამაინც კარგად არ აისახება – გუნდმა ბოლო ცხრა თამაშიდან რვა წააგო.
ბითაძემ მოედანზე 16 წუთი გაატარა და ამ დროში 3 ქულა, 8 მოხსნა, 3 პასი და 2 დაფარება მიითვალა. გოგამ ორიდან ერთი ორქულიანი ჩააგდო, ასეთივე მაჩვენებელი ჰქონდა საჯარიმო ხაზიდანაც. ერთ დროს ლიდერებში მყოფი „ორლანდო“ ახლა ფლეი ინის ზონაშია – 24 მოგებითა და 26 მარცხით მერვე ადგილზეა.
მომდევნო მატჩს „ჯადოქრები“ „გოლდენ სტეიტთან“ ითამაშებენ.
სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიომ“ კი, შინ, „მაიამი ჰითთან“ 103:105 დათმო. ჩვენებურმა პარკეტზე 10 წუთი გაატარა და ამდენივე ქულა მიითვალა. სანდრომ სამიდან სამი ორქულიანი, სამიდან ერთი სამიანი და ერთი საჯარიმო ჩააგდო. ტეხასელებს 21 მოგება და 25 მარცხი, რაც დასავლეთ კონფერენციაში მე-12 მაჩვენებელია. შედეგად „სან ანტონიო“ ფლეი ინში შესასვლელად იბრძვის. მომდევნო მატჩს კი, ერთ-ერთ ლიდერ „ფენიქსთან“ გამართავს.