საფრანგეთში მდიდარ და რიგით საფეხბურთო კლუბებს შორის სხვაობა იზრდება. შემოსავლებზე, რომლებიც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დაძლევისთვის „ლილმა’’ და „ბრესტმა’’ მიიღეს (პსჟ ისედაც მდიდარია და შეგვიძლია მასზე აღარაფერი ვთქვათ), დანარჩენ კლუბებს არც დაესიზმრებათ. „ლილი’’ ჯგუფური ეტაპის ცხრილში მე-7 ადგილზე გავიდა (ლიგა 1-ში მეექვსეზეა), „ბრესტი’’ მეთვრამეტეზე (ლიგა 1-ში მერვეა), ხოლო პსჟ მეთხუთმეტეზე (ლიგა 1-ს ლიდერობს). შედეგად, „ლილი’’ პირდაპირ მერვედფინალში მოხვდა, ხოლო დანარჩენი ორი ფლეი-ოფში ითამაშებს.
ფინანსებში ეს ასე აისახა: „ლილი’’ ბონუსების, ბილეთების გაყიდვისა და სხვა შემოსავლების ჯამში 75 მილიონ ევროს, ხოლო „ბრესტი’’ 50 მილიონ ევროს (თავისი ბიუჯეტის ტოლ თანხას) მიიღებს. თუ ამას დავამატებთ საერთაშორისო სატელევიზიო უფლებებს, რომლებიც მხოლოდ იმ კლუბებს ენიჭებათ, რომლებსაც ბოლო სამი წლის განმავლობაში ევროთასებზე უთამაშიათ, ფრანგულ ფეხბურთში მდიდართა და ღარიბთა შორის ნაპრალი წარმოუდგენელი მოგვეჩვენება.
შექმნილი მდგომარეობის შესახებ ბევრი პირდაპირ ლაპარაკს თავს არიდებს, „ლე ავრის’’ პრეზიდენტი ჟან-მიშელ რუსიე კი ასე ამბობს: „მინდა შევაქო კლუბები, რომლებიც ჩემპიონთა ლიგაში წარმატებით გამოდიან. მათ თავიანთი შემოსავლები დაიმსახურეს, „ბრესტის’’ მაგალითი სულაც განსაკუთრებულია, მაგრამ საფრანგეთის ჩემპიონატის სრული დემონეტიზაცია შეშფოთებას იწვევს. განაწილების სისტემა შესაცვლელია. რაც ახლა ხდება, ძარცვაა’’.
კერძოდ როგორ უნდა ნაწილდებოდეს ფული, რუსიეს არ უთქვამს. პარი სენ ჟერმენის პრეზიდენტმა ნასერ ალ-ხელაიფიმ კი განაცხადა, რომ ბონუსები, რომლებიც გუნდმა დაიმსახურა, კლუბის ყველა თანამშრომელს გაუნაწილდება, რათა კიდევ ერთხელ დადასტურდეს, რომ პარიზში მოქმედებს პროექტი – „ერთი გუნდი’’. ცნობისთვის: „პარი სენ ჟერმენში’’ 750 ადამიანი მუშაობს.