1994 წლის 4 ივნისს საქართველოს მორაგბეთა ნაკრები შვეიცარიაში აღმოჩნდა. ქალაქ შო-დე-ფონში გაიმართა მატჩი შვეიცარიის ნაკრებთან, რომელიც რიგით მე-13 იყო დამოუკიდებელი ქართული რაგბის ისტორიაში და ყველაფერი კინაღამ დაითარსა, თუმცა ჩვენმა გუნდმა არასარაგბო ქვეყნის ნაკრებს მაინც აჯობა – 22:21. დღევანდელი გადასახედიდან, შვეიცარიის სარაგბო ნაკრები წესით არანაირ საშიშროებას არ უნდა წარმოადგენდეს ბორჯღალოსნებისთვის, მაგრამ 31 წლის წინ ეს მოულოდნელობა კი დაფიქსირდა…
რატომ ვახსენებთ იმ მატჩს? იმიტომ, რომ შაბათს, „ავჭალაზე“, 16 საათზე რიჩარდ კოკერილის მომზადებული საქართველოს ნაკრები სწორედ შვეიცარიელებს უმასპინძლებს და არანაირი ეჭვი არ არის, რომ ეს იქნება უდიდესი მოვლენა შვეიცარიული რაგბის ისტორიაში. და ჩვენ ამით რა? არც არაფერი. უბრალოდ უნდა მოვუგოთ „ედელვაისებს“ (შვეიცარიის ეროვნული ნაკრების თიკუნი), 8 თებერვალს ავჭალაშივე მათ გზას ნიდერლანდების ნაკრებიც უნდა გავუყენოთ და ამით გადავჭრათ ის საკითხი, რომელიც შარშანწინ საფრანგეთში წარუმატებელ მსოფლიო თასზე ღიად დავტოვეთ.
საუბარია 2027 წელს ავსტრალიაში გასამართ მსოფლიო თასზე წასვლის შესახებ და ვინაიდან „მსოფლიო რაგბი“ ტურნირის მონაწილეთა რაოდენობის 20-დან 24-მდე გაზრდის გადაწყვეტილებამდე როგორც იქნა და მივიდა, „რაგბი ევროპის“ ჩემპიონატის ორივე ჯგუფის პირველ-მეორეადგილოსნები მსოფლიო თასის საგზურებს მიიღებენ, ქართველებს ამისთვის ორი ხსენებული აუტსაიდერის ძლევაც ეყოფათ. აი, ასე, მარტივად…
მოკლედ, 1 თებერვალს საქართველოსა და შვეიცარიის ნაკრებთა შეხვედრით დაიწყება ბორჯღალოსანთა მორიგი თავგადასავალი. ამ ტურნირის 16-გზის მომგებ ქართველებს შვეიცარიისა და ნიდერლანდების შემდეგ ესპანეთთან გასვლითი დაპირისპირება ელით, შემდეგ – ნახევარფინალი და იმედია, მარტში ფინალსაც ვითამაშებთ, რაც პრინციპში გარდაუვალიც სჩანს კონკურენტების – ესპანეთისა და პორტუგალიის დღევანდელი მდგომარეობის გათვალისწინებით.
რიჩარდ კოკერილმა „ედელვაისების“ წინააღმდეგ 4 მორაგბეს აზეიმებს სანაკრებო დებიუტს – „შავი ლომის“ კვაჭი ირაკლი ქვათაძე, „შავი ლომისვე“ გარემარბი შალვა აფციაური და „ორიაკის“ ფულბექი დაჩი პაპუნაშვილი თამაშს სასტარტო შემადგენლობაში დაიწყებენ, ხოლო „ბორდოს“ სრულიად ახალგაზრდა და ძალზე ნიჭიერი შუამარბი გიორგი ხაინდრავა თამაშში მარქაფიდან ჩაერთვება. ფეხბედნიერი იყოს მათი დამატება საქართველოს ნაკრებისთვის, რომელსაც ამ მატჩში „ლიონის“ ფლანკერი ბექა საღინაძე უკაპიტნებს.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა შვეიცარიასთან მატჩში
- ნიკა აბულაძე (მონპელიე, 17 კეპი, 0 ქულა), 2. ირაკლი ქვათაძე (შავი ლომი, 0, 0), 3. ლუკა ჯაფარიძე (მონპელიე, 10, 5), 4. მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი, 13, 20), 5. ვლადიმერ ჩაჩანიძე (შავი ლომი, 21, 5), 6. ბექა შვანგირაძე (ლიონი, 3, 0), 7. ბექა საღინაძე (ლიონი, კაპიტანი, 43, 15), 8. ლუკა ივანიშვილი (შავი ლომი, 18, 10), 9. გელა აფრასიძე (პერპინიანი, 55, 35,) 10. ლუკა მატკავა (შავი ლომი, 25, 165), 11. შალვა აფციაური (შავი ლომი, 0, 0), 12. თორნიკე კახოიძე (შავი ლომი, 9, 0), 13. გიორგი კვესელაძე (გრენობლი, 63, 40), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი, 46, 205), 15. დაჩი პაპუნაშვილი (ორიაკი, 0, 0,).
მარქაფა: 16. ვანო კარკაძე (მონპელიე, 18, 25), 17. ლუკა გოგინავა (მონ-დე-მარსანი, 2, 0), 18. ირაკლი აფციაური (ლიონი, 13, 0), 19. გიორგი ჯავახია (გრენობლი, 17, 10), 20. ილია სპანდერაშვილი (ვალანს რომანი, 11, 10), 21. მიხეილ ალანია (ორიაკი, 15, 15), 22. დავით ნინიაშვილი (ლიონი, 35, 68), 23. გიორგი ხაინდრავა (ბორდო, 0, 0).