დავით ნინიაშვილს ვეღარ აჩერებენ. ქართული რაგბის იმედმა ბოლო დროს ისეთი ფორმა აკრიფა, ლელო ლელოზე გააქვს, თან ლელოცაა და ლელოც! ჯერ იყო და, ჩელენჯ თასის ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში სამხრეთაფრიკული „ჩიტასი“ ისე დაალელოვა, რომ სტუმრები შოკიდან ვეღარ გამოვიდნენ. „ლიონმა“ ის თამაში საოცარი ანგარიშით – 68:21 მოიგო, ხოლო ფულბექად მოთამაშე ნინიაშვილმა მე-9 წუთზე თავისი 22-დან ბურთი წაიღო, ცენტრიდან აფრიკელთა დაცვა გაარღვია, ბოლოს გამოკიდებული ორი მცველიც გააბითურა და 100-მეტრიანი ლელო დადო.
გასულ შაბათს კი „ნინის“ გუნდს შეუდარებლად ძლიერი მეტოქე ჰყავდა – იმ მომენტისთვის ტოპ 14-ის ერთპიროვნული ლიდერი და ჩემპიონთა თასზე ჯგუფში ყველა მატჩის ბონუსით მომგები (მათ შორის საფრანგეთისა და ევროპის მოქმედ საკლ უბო ჩემპიონ „ტულუზთანაც“) „ბორდო“ იყო, თანაც მისივე „შაბან დელმაზე“.
ჰოდა, მოხდა საოცრება – ტოპ 14-ის სატურნირო ცხრილში სახიფათო ზონისგან არცთუ შორს მყოფმა „ლიონმა“ ეს მონსტრი წააქცია და საფრანგეთის ნაკრების მგეზავ ლეო ბერდეს პირველივე წუთზე გატანილ ჯარიმას, მე-5 წუთზე დავით ნინიაშვილმა უბრწყინვალესი სოლო მიაყოლა – „ნინიმ“ ბურთი მოედნის ცენტრში, არეული თამაშისას აიტაცა, დრიბლინგით ნახევარი „ბორდო“ მოატყუა, ნაპრალი დაინახა და დანარჩენი უკვე გასაგებია – ამ ქართველმა თუ აიწყვიტა, ვაი მის მეტოქეს!
ეს იყო ნინიაშვილის სეზონში მესამე, ხოლო ტოპ 14-ში მე-20 ლელო 54 მატჩში. აი, ასეთი საამაყო სტატისტიკა აქვს სულ რაღაც 22 წლის ქართველ ვარსკვლავს. ლეო ბერდემ ხომ გარდასახა და შემდგომში ჯარიმებიც უნაკლოდ ურტყა, შედეგად კი „ლიონმა“ მიმდინარე ჩემპიონატის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სენსაცია გამოაცხო – 22:20 მოიგო.
ეს მატჩი ნინიაშვილმაც და ბექა საღინაძემაც შეუცვლელად ჩაატარეს, ხოლო 47-ე წუთზე მათ ირაკლი აფციაურიც შეუერთდა, რომელმაც ტოპ 14-ში თავისი მე-10 მატჩი ითამაშა.
და რაც ძალიან სასიამოვნოდ ჟღერს და ძალზე იშვიათადაც ხდება – დავით ნინიაშვილი ტოპ 14-ის მე-15 ტურის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა!
სამივე ხსენებული ქართველი თბილისში გამოემგზავრა – 1 თებერვალს ხომ „რაგბი ევროპის“ ჩემპიონატი იწყება. ტოპ 14-ში კი შესვენება 6 ერის ჩემპიონატის დაწყების გამო ცხადდება. ჩვენ შვეიცარიას ვმასპინძლობთ…
ტოპ 14-ში კი 2 ლიდერია – „ბორდოს“ „ტულუზი“ წამოეწია, რომელმაც შინ „მონპელიეს“ საკმაო გაჭირვებით მოუგო – 27:17. სტუმართა შორის შეცვლაზე ნიკა აბულაძე და ლუკა ჯაფარიძე გამოჩნდნენ (ესენიც ქოქრილის მიერ გამოძახებულთა სიაში არიან).
მესამეზე „ტულონი“ დარჩა, რომელმაც საკუთარ მოედანზე „ლა როშელს“ 45:26, ბონუსით მოუგო. მასპინძელთა სასტარტოში ბექა გიგაშვილი იყო, ვისთვისაც ტოპ 14-ში მომდევნო მატჩი საიუბილეო – მე-100 იქნება, ხოლო სტუმართა სასტარტოში ორივე ქართველი ახალგაზრდა გამოჩნდა – სანდრო ქუნთელიაც და ნიკა სუთიძეც, ვისთვისაც ეს პიველი თამაში იყო „ლა როშელის“ სასტარტო თხუთმეტეულში. სატურნირო მდგომარეობა არც „ლა როშელს“ შეცვლია, რომელიც „საპლეიოფო, მე-6 ადგილზე დარჩა.
„სტად ფრანსე“ კი მწვავე კრიზისიდან გამოსვლას ვერ ახერხებს. ამჯერად პარიზელებს მაჩანჩალა „ვანმა“ მოუგო და საფრანგეთის ყველაზე ტიტულოვანი კლუბი უკვე მყარადაა ბოლოსწინა ადგილზე, რომელზე გასულსაც სეზონის ბოლოს პრო დ2-ის დამარცხებულ ფინალისტთან მოუწევს ბრძოლა ელიტაში ადგილის შესანარჩუნებლად… გიორგი მელიქიძე ტრავმის შემდეგ დაუბრუნდა პარიზულ გუნდს და თამაშში ჩართვიდან სამიოდე წუთში ყვითელი ბარათი „აიკიდა“.
ბარემ ორი სიტყვა პრო დ2-ზეც: „ორიაკმა“ ლიდერთა ჯგუფის წარმომადგენელ „პროვანსს“ 26:17 მოუგო და ამ 26 ქულიდან 16 საკუთარ ანგარიშზე ბორჯღალოსანმა მგეზავმა თედო აბჟანდაძემ ჩაიწერა, რომელმაც ქართული შერკინების მიერ მოპოვებული უპირატესობა ზუსტი დარტყმებით ქულებად აქცია. თედომ მიმდინარე ჩემპიონატის 12 მატჩში თავი უკვე 116 ქულას მოუყარა, სულ კი მის ანგარიშზე ხსენებული ლიგის 32 თამაშში 215 ქულაა.