დღეს, პარიზის დროით 21 საათზე, ხოლო საქართველოს დროით შუაღამისას ხვიჩა კვარაცხელიას ახალი გუნდი „პარი სენ ჟერმენი’’ „რეიმსს’’ უმასპინძლებს. ვინაიდან პსჟ-ს ოთხშაბათს შტუტგარტში ჩემპიონთა ლიგის უმნიშვნელოვანესი მატჩი ელის, ლუის ენრიკე ლიგა1-ის შეხვედრაში შემადგენლობას დიდი ალბათობით შეცვლის ანუ რამდენიმე ფეხბურთელს დაასვენებს.
იმისათვის, რომ შტუტგარტში მისმა გუნდმა მწყობრად ითამაშოს, ესპანელმა მწვრთნელმა შეიძლება მარცხენა მცველის პოზიციაზე ნუნუ მენდეშის ნაცვლად ლუკას ერნანდესი გამოიყვანოს. მენდეშმა „მანჩესტერ სიტისთან’’ ყვითელი ბარათი მიიღო და დისკვალიფიცირებულია. სავარაუდოდ ლუის ენრიკე დაასვენებს ცენტრალურ მცველ ვილიან პაჩოსაც. პაჩო სეზონის დასაწყისიდან აქტიურად არის საქმეში ჩართული და ამოსუნთქვა სჭირდება. ეს იმას ნიშნავს, რომ მარკინიოსის მხარდამხარ „რეიმსის’’ წინააღმდეგ მის თანამემამულეს, ბრაზილიელ ლუკაშ ბერალდუს ვნახავთ.
„სიტისთან’’ თამაშამდე პარიზელთა კაპიტანმა კუნთის დისკომფორტის გამო სამი შეხვედრა გამოტოვა, ამიტომ დღეს მოედანზე ყოფნა მისთვის რიტმის აღსადგენად მნიშვნელოვანია.
წინა ტურში დაისვენა მარჯვენა მცველმა აშრაფ ჰაკიმმა. შესაბამისად, ის „რეიმსთან’’ სავარაუდოდ ითამაშებს.
ნახევარდაცვაში ლუის ენრიკე ვიტინიას გამოიყვანს, აი, მის გარშემო კი შესაძლოა შსუამოედნელთა ჯგუფი გადაახალისოს: თუ მწვრთნელი ფაბიან რუისის და ჟოაო ნევეშის დასვენებას გადაწყვეტს, მაშინ დიდი ალბათობით შანსი მიეცემათ უორენ ზაირე-ემერისა და სენი მაიულუს.
შეტევაში მარცხენა ფრთაზე ბოლოხანს შესანიშნავად ათამაშებული ბრედლი ბარკოლა იქნება, მარჯვნივ კი ოსმან დემბელეს გამოჩენას უნდა ველოდოთ. ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე ალბათ გონსალო რამოშს ვიხილავთ. რაც შეეხება ახალწვეულ ხვიჩა კვარაცხელიას, ის როგორც ჩანს თავიდან სათადარიგოთა სკამზე დაჯდება და საქმეში მოგვიანებით ჩაერთვება.
„კვარაცხელია ფიზიკურად ძალიან კარგ ფორმაშია. ის პსჟ-ს ფეხბურთელია და სათამაშოდ მზად არის’’, – თქვა ლუის ენრიკემ პრეს-კონფერენციაზე.