პარიზში რესტორან le 129 Nanterre-ს კლიენტები თვალებს არ უჯერებდნენ: იქ პარასკევს, ლანჩზე ქაბაბის საჭმელად ნბა-ს ვარსკვლავები შევიდნენ. ისინი თავის საყვარელ რესტორანში „სან ანტონიო სპურზის’’ 21 წლის მოთამაშემ ვიქტორ ვემბანიამამ (სიმაღლე 224 სანტიმეტრი) შეიყვანა.
ვემბანიამა სანამ პარიზში ცხოვრობდა ამ რესტორანში ხშირად დადიოდა, ამერიკაში გადაბარგების შემდეგ კი აღარ ყოფილა. და აი, „აკორ არენაზე’’ „ნბას პარიზული თამაშების’’ ფარგლებში „ინდიანა პეისერზთან’’ ჩატარებული მასტერკლასის მეორე დღეს (30 ქულა, 11 მოხსნა, 6 ასისტი, 6 დაფარება) მან თავისუფალი დღით ისარგებლა და ბავშვობის საყვარელ საქაბაბეში ახალი პარტნიორები, მათ შორის სანდრო მამუკელაშვილი წაიყვანა.
პსჟ-ს ჯორდანის კოლექციის მაისურში გამოწყობილი ვემბი და მისი მეგობრები მაგიდასთან მორიდებით დასხდნენ. ვიქტორის მხრიდან ეს უფრო ბავშვობის გახსენება იყოო, წერს „პარიზიენი’’. არც მთლად დიეტური ტრაპეზის შემდეგ ფრანგი ვარსკვლავი და მისი თანმხლებნი ეიფელის კოშკისკენ გაემართნენ, სადაც ფოტო გადაიღეს. დღეს, შაბათს „სფურზს’’ „ინდიანა პეისერზთან’’ კიდევ ერთი მატჩი აქვს. პირველი შეხვედრა სან ანტონიოს გუნდმა მოიგო 140:110.
ოთხშაბათს კალათბურთელები „პარკ დე პრენსზე’’ „პარი სენ ჟერმენისა’’ და „მანჩესტერ სიტის’’ შეხვედრასაც დაესწრენ. იქ სანდრო მამუკელაშვილი ხვიჩა კვარაცხელიას შეხვდა.