ავსტრალიის ღია პირველობის გამარჯვებული ქალთა შორის ამერიკელი მედისონ კიზი გახდა, ვინაც ფინალში მსოფლიოს პირველი ჩოგანი, ბელარუსი არინა საბალენკა სამ სეტში დაამარცხა – 6:3; 2:6; 7:5.

მატჩი 2 საათსა და 4 წუთს გაგრძელდა და ვითარება კორტზე რამდენჯერმე შეიცვალა. პირველ სეტი ამერიკელმა მაგრად დაიწყო, მეტოქეს ორი ჩაწოდება აართვა და 5:1 დაწინაურდა. საბალენკამ მოუმატა, ერთი ბრეიკიც გაახერხა, მაგრამ იქვე საკუთარი მოწოდება და სეტი დათმო.

პირველი ჩოგანი რომ იყო, ბელარუსმა მეორე სეტში გაიხსენა და შეუცდომლად ითამაშა. საბალენკამ მეტოქის ორი ჩაწოდება წაიღო და სეტიც მარტივად მოიგო.

მესამე სეტში ორივე ჩოგბურთელი საკუთარ ჩაწოდებებზე უშეცდომოდ თამაშობდა, ვიდრე მე-12 გეიმი არ დადგა. საბალენკამ ერთი მატჩ-პოინტი კი გადაარჩინა, მაგრამ კიზი ძალიან იყო მოწადინებული პირველი დიდი მუზარადის ტურნირი მოეგო და მეორე მატჩ-პოინტი ხელიდან აღარ გაუშვა… წაგებით განაწყენებულმა საბალენკამ ჩოგანი გატეხა და კორტი ატირებულმა დატოვა…