ჟორჟ მიქაუტაძის „ლიონმა’’ ევროლიგის შეხვედრაში სტამბოლში „ფენერბაჰჩესთან’’ 0:0 ითამაშა. „ლიონი’’ თურქეთის ამ გუნდს ისტორიაში მეხუთედ შეხვდა და პირველად ვერ მოუგო. მიქაუტაძემ მოედანზე 79 წუთი დაჰყო. მას ცუდად არ უთამაშია. Flashscore-მა ქართველი 6.4, ხოლო whoscored-მა 6.3 ქულით შეაფასა.

სტამბოლური თამაშის შემდეგ „ლიონთან’’ დაკავშირებული მთავარი თემა გუნდის მწვრთნელის გაშვება-დარჩენის საკითხი იყო. ცნობილია, რომ კლუბის მეპატრონე ჯონ ტექსტორი ამასწინათ „მილანიდან’’ გაშვებულ პაულუ ფონსეკას ელაპარაკა, რადგან პიერ საჟით უკმაყოფილოა. წლეულს „ლიონს’’ „მონპელიესთან’’ გაუმართლა და 1:0 მოიგო,  მაგრამ „ბრესტთან’’ 1:2 დამარცხდა, „ტულუზთან’’ 0:0 ითამაშა და თასზე მეოთხე ლიგელ „ბურჟუან ჟალიუსთან’’ პენალტებით წააგო. მეორე მხრივ, „ფენერბაჰჩესთან’’ ფრე საჟის გუნდს შეიძლება კარგ შედეგად ჩაეთვალოს, რადგან 4 მოგების, 2 ფრისა და 1 წაგების შემდეგ გუნდს პირდაპირ მერვედფინალში გასვლის ჩინებული შანსი მიეცა. ახლა ყველაფერი მომდევნო ხუთშაბათს ბულგარულ „ლუდოგორეცთან’’ თამაშზეა დამოკიდებული, თუმცა მწვრთნელს მანამდე „ნანტთან’’ მოუწევს პოზიციის განმტკიცება.

„ფენერბაჰჩესთან’’ შეხვედრის შემდეგ საჟის შესახებ მის კოლეგას, თურქული გუნდის ცნობილ მწვრთნელ ჟოზე მოურინიუსაც ჰკითხეს. მან უპასუხა: „დღევანდელი ფეხბურთი შედგება უამრავი კლუბისგან, რომელთა მეპატრონეებს ამ საქმისა არაფერი გაეგებათ. ვეღარ ნახავთ პრეზიდენტებს, რომლებიც ბატონების ჟან მიშელ ოლასის („ლიონის’’ წინა პატრონი) და პინტუ და კოშტას („პორტუს’’ წინა პატრონი) მსგავსად 20 წელი მართავენ თავიანთ კლუბებს. დღეს „ლიონი’’ კარგი გუნდია, კარგ გუნდს კი შეუძლებელია კარგი მწვრთნელი არ ჰყავდეს’’.